მიხეილ სააკაშვილი

8 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან, 9 თებერვლიდან რეგიონებში – ენმ აქციებს აანონსებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისსა და რეგიონებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები აქციები დააანონსა. ხაბეიშვილის თქმით, აქციები გაიმართება:

  • 8 თებერვალს, 17:00 საათზე – თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალს, 13:00 საათზე – ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში (ადგილობრივი თვითმმართველობის შენობებთან);
  • 10 თებერვალს, 13:00 საათზე – ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში (ადგილობრივი თვითმმართველობის შენობებთან);
  • 11 თებერვალს, 15:00 საათზე – ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში.

ხაბეიშვილის თქმით, პროტესტი განგრძობადი იქნება და, მათ შორის, თბილისში მასშტაბური აქციაც ჩატარდება.

"უახლოეს პერიოდში, როცა მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ უზრუნველვყოფ, მათ შორის, დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება". – თქვა ხაბეიშვილმა.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. საპარლამენტო საქმიანობას დროებით ასევე წყვეტს სტრატეგია აღმაშენებელიც.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 6 თებერვალს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, ხოლო 7 თებერვალს საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.

კომენტარები