კობახიძე: ოპოზიცია შეძლებს ომბუდსმენის კანდიდატის არჩევას, ოღონდ არა აბაშიძე ან ბურჯანაძე

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სახალდო დამცველის არჩევის საკითხზე ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას დაუთმობს კანდიდატების არჩევას, იმ პირობით, რომ არ მოხდება კვლავ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის დასახელება.

"განახლდება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ ამ კონსულტაციების საფუძველზე მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. მთავარია, რომ მინიმალური კონსტრუქციული მიდგომა აჩვენოს ოპოზიციამ. მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ, მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით და არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე, ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდა ჩვენს მხარდამჭერებს, ხოლო მეორე მოუწოდებდა იმ აქციებში მონაწილეობისკენ, რომელიც ითვალისწინებდა ხელისუფლების გადატრიალებას". – თქვა კობახიძემ.

2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის 19 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია. კანდიდატის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, იგივე 90 დეპუტატი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 90 ადგილი პარლამენტში არცერთ პარტიას არ უკავია, სახალხო დამცველის დამტკიცებას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ხმები სჭირდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძეა და არც ანა აბაშიძე. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეარჩიოს.

კომენტარები