ჯანდაცვა

აიცერი, ჩაიტარე სკრინინგი - საშვილოსნოს ყელის კიბოზე ცნობიერების ამაღლების თვის გზავნილები

იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინაღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.   

საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული ონკოლოგიური დაავადება და ქალთა კიბოთი სიკვდილიანობის მეოთხე მიზეზია მსოფლიოში. 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 604 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 342 000 ქალი გარდაიცვალა მსოფლიოში.  დაავადების სიკვდილობისა და ავადობის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა. 

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ავთვისებიან დაავადებებს შორის შედის. 2021 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა და 151 ქალი გარდაიცვალა.  

NCDC-ს შეფასებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის აღნიშნვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როდესაც მსოფლიოს კვლავ უწევს COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ რიგ გამოწვევებთან გამკლავება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინაღმდეგო ვაქცინაციის, კიბოს სკრინინგის, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობების მკურნალობის, საშვილოსნოს ყელის კიბოს კლინიკური მართვის გაუმჯობესებითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია, საშვილოსნოს ყელის კიბო 2030 წლისათვის სრულიად იქნას აღმოფხვრილი. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის გზავნილები:

  • იყავით ინფორმირებული. შეიტყვეთ ფაქტები საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი გამომწვევი ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) შესახებ. გაუზიარეთ ცოდნა თქვენს ახლობლებს. 
  • ჩაიტარეთ სკრინინგი. დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა, ტარდება 25-60 წლამდე ქალებში  3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაცია; პაპ-ნაცხის აღება და მასალის ციტოლოგიური კვლევა (PAP–ტესტი)  ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის  შემთხვევაში ტარდება: კოლპოსკოპია და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება; ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა
  • გაიკეთეთ აცრა. საქართველოში აპვ ვაქცინაცია ტარდება 10-11-12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში (პოლიკლინიკებში). 13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, დამატებითი ინტერვენციის სახით, 2023 წელს  ეძლევათ შესაძლებლობა აიცრან.  15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია სამჯერადია, სქემით: 0-2-6 თვე. 

კომენტარები