5 ივლისის ორგანიზატორები კანონპროექტით LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ

ტაბულა

პუტინისტური პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრები და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები – გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია – პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ. მოძალადეებმა პარლამენტში კანონპროექტი მინიმუმ 25 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესის გზით დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში პუტინისტები წერენ, რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

ამასთან, მათივე მოთხოვნით, უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრეტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას".

ამასთან, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები ითხოვენ ზემოთ აღნიშნული ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას – 3 000-ლარიან ჯარიმასა ან 25-დღიან პატიმრობას მონაწილეებისთვის, 5 000-ლარიან ჯარიმასა და 30-დღიან პატიმრობას ორგანიზატორებისთვის. მათ ასევე სურთ, რომ "დარღვევის" გამეორების შემთხვევაში პირი 2-3 წლამდე პატიმრობით, თანამდებობიდან გათავისუფლებით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯებოდეს.

"2013-2021 წლის მოვლენები, როდესაც საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს.

მტკიცეა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა, მოსახლეობისთვის მკვეთრად მიუღებელია, შესაბამისად, აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ღონისძიებები". – ნათქვამია კანონპროექტის ავტორების განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა პუტინისტური დაჯგუფების ლიდერებმა პარლამენტში 2022 წლის ოქტომბერში წარადგინეს, ხოლო ნოემბერში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების კანონთან შესაბამისობა დადებითად შეაფასა.

არსებული კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის არაძალადობრივი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა დაცული.

კომენტარები