ჩეხეთი

ბაბიშის თქმით, თუ რუსეთი პოლონეთს, ან ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხმებოდა, ჯარს არ გაგზავნიდა

ანდრეი ბაბიში
Bloomberg

ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ანდრეი ბაბიშის თქმით, თუ რუსეთი პოლონეთს ან ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხმებოდა, ჯარს არ გაგზავნიდა

ჟურნალისტის კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ბაბიში ღია კონფლიქტში ჩეხეთის ჯარებს, ბაბიშმა თქვა:

"რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, მშვიდობაზე უნდა ვისაუბროთ. მე მსურს მშვიდობა, არ მსურს ომი". - თქვა მან. 

ჩეხეთის პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. ჩეხეთი, ისევე როგორც პოლონეთი და ბალტიის სამივე სახელმწიფო, NATO-ს წევრები არიან. 

ბაბიშის განცხადება ჩეხმა მაღალჩინოსნებმა მალევე გააკრიტიკეს, მათ შორის ვიცეპრემიერმა, მარიან იურეჩკამ.

"ბოდიშს ვუხდი პოლონეთის ყველა მოქალაქესა და სხვა მოკავშირეებს. ვალდებულება, რომელსაც NATO-ს წევრობა გვაკისრებს, არის და დარჩება ძალაში, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ანდრეი ბაბიში". - წერს იურეჩკა Twitter-ზე.

ინტერვიუს შემდეგ, ბაბიშმა თავისი სიტყვების ახსნა Twitter-ზე სცადა. მისი თქმით, საერთოდ არ სურდა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ჰიპოთეტური კითხვისთვის ეპასუხა.

"ამ ჰიპოთეტურ კითხვებზე პასუხი არ მსურდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება და საერთოდ არ მინდა ამ შესაძლებლობის დაშვება. ომის თავიდან აცილება მსოფლიო პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მაგრამ, თუ რუსეთი რეალურად შეიჭრებოდა, მე, რა თქმა უნდა, დავიცავდი მე-5 მუხლს". - წერს იგი. 

შეგახსენებთ, ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27-28 იანვარს გაიმართება. პირველ ტურში გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, პეტრ პაველმა ამომრჩეველთა ხმების 35.39% მიიღო, ხოლო ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა - 35%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.

უკანასკნელი ეგზიტპოლების მიხედვით, პაველი ბაბიშს 57.7%-იანი უპირატესობით დაამარცხებს. 

კომენტარები