ოპოზიცია

ცისკარიშვილი: ზღაპარია, რომ პატარა პარტიები ცოტ-ცოტა გავძლიერდებით და დავამარცხებთ ოცნებას

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ის არ ეთანხმება ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ხედვას, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა გაძლიერდნენ და ასე დაამარცხონ ქართული ოცნება. 

"გიგაზე [ბოკერია] მინდოდა მეთქვა, მე ასე არ წარმომიდგენია, რომ პატარ-პატარ პარტიები, ცოტ-ცოტა ყველა გავძლიერდეთ და მერე შევგროვდებით და ამით დავამარცხებთ ოცნებას. ეს ზღაპარია, ესე არ გამოვა, ძალა უნდა დაინახოს, ჩვენთან ქვეყანაში არის, ყველა ქვეყანაში, მარტო საქართველო არა - აშშ-დან დაწყებული იაპონიით დამთავრებული, ყველგან ეგრეა 25-30% ხალხის ბოლო მომენტში იხრება იქითკენ, სადაც ხედავს ძალას". - თქვა მან.

ტელეკომპანია პირველის წამყვანის დაზუსტებას, რომ გიგა ბოკერია სხვა პარტიასთან თანამშრომლობის წინაპირობად იდეოლოგიურ თანხვედრას ასახელებდა, ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ მაგ ნაწილში ბოკერიას არ ედავება და მისი გადაწყვეტია ის "რომელ კოალიციაში შევა".

"ყველა რომ ცოტ-ცოტა გავძლიერდებით და შევიკრიბებით ბოლოს და მოვგროვდებით უმრავლესობა, აღმოჩნდება ოცნება უმცირესობაში? ასე წარმოგვიდგენია ოცნების დამარცხება, ამ რეჟიმის, ესეთი გამარჯვებები აშშ-შიც კი არ ხდება. კონკრეტული ამომრჩევლის ნაწილი ბოლო მომენტში იღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, საით არის ძალა, საით არის მკაფიო, სანდო, საიმედო ალტერნატივა, ვის შეუძლია ქვეყანა მართოს და იქითკენ იხრება. 5-5% და 7-7%-იანი პარტიების ერთობა, უი, რა კაია, ესენი მართავენ, ასე არ გამოვა, ძლიერი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, ამ სიძლიერეს ჭირდება მიხეილ სააკაშვილი, ასე წარმომიდგენია მე და ხაბეიშვილს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ აღიაროს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი და მასზე დგას პარტია და რეიტინგი და ყველაფერი". - თქვა ცისკარიშვილმა.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ 18 იანვარს, ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მათ გარშემო უნდა გაზარდონ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მოტივაცია აქვთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების.

"ყველა, ვინც განვსხვავდებით ერთმანეთისგან, საკუთარი პოლიტიკური ძალის გარშემო უნდა გავზარდოთ იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვისაც ექნება მოტივაცია ამ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების, სხვა გზა არ არსებობს. ვინც იძახის, ხომ არ ჯობია ერთი გაერთიანება იყოს და იქ იყოს ბევრი ნორმალური ადამიანი, თუ საყრდენი არ გაქვს ნორმალური... ამას ვიძახი იმათ გასაგონად, ვისაც საკუთარ ძალებში ეპარებათ ეჭვი, რაც მესმის - იქნებ ვერ მოვიპოვოთ მხარდაჭერა, მხარდაჭერას თუ ვერ მოიპოვებ, მაშინ დეკორაცია ხდები სხვის პოლიტიკურ გუნდში". - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები