მიხეილ სააკაშვილი

Bellingcat-ის დირექტორი: სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას ვთავაზობთ

ხრისტო გროზევი

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა Дождь-ის ეთერიდან მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ადამიანების ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას".- თქვა გროზევმა

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია სავარაუდოა.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი - მისი თქმით, სააკაშვილი "შეყვანილია ФСБ-სა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მტრების წრეში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება".

4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, საჯაროდ სთხოვა დახმარება გროზევს:

"დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა.

ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამა წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდად, მქონდა მაღალი სიცხე, კრიზისული მდგომარეობა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი. კოვიდ ტესტები იყო უარყოფითი. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. ციხის ხელმძღვანელობას მოუწია ჩემი გადაყვანა კლინიკაში, სადაც ექიმებმა მაშინვე მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე, მაგრამ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელა დრო, რათა საწამლავის კვალი გამქრალიყო სისხლიდან. მათთვის სამწუხაროდ, ბევრად მოგვიანებით, საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა ჩემს თმასა და ფრჩხილებში. მე გწერთ ღიად, რადგან ჩემი კორესპონდენცია მაინც კონტროლდება. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში? დადგენილი ფაქტია, რომ გენერალი ბესედა და ფსბ-ს სხვა თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები? დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის".- დაწერა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები