NATO-ევროკავშირი

NATO-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

NATO-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროპუსლი საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.

"ხელი მოვაწერეთ NATO-ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი მიზანია ევროკავშირსა და ალიანსს შორის თანამშრომლობა შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე". - აღნიშნა სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, NATO და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ნაბიჯებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისევაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში.

"რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გამძლეობა, ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს მამაც უკრაინელ ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ევროკავშირის კოოპერაცია თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. მისი თქმით, თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან.

კომენტარები