მანქანის ნომრის ფასის და იარაღის ტარებაზე ჯარიმის ზრდა, დევნილთა ბინები – 2023-ის ცვლილებები

2023 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე კანონი ძალაში შევიდა. მიღებული კანონების თანახმად, 2023 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სახის მომსახურების, მათ შორის მანქანის სანომრე ნიშნების გაცემის საფასური იზრდება. ცვლილების შედეგად:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი ეღირება;
  • ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ეღირება. იგივე ტარიფი იმოქმედებს დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენაზეც.

ამასთან, 2023 წლიდან იზრდება ჯარიმა ცივი იარაღის ტარებაზე. კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ძალაში შესული კიდევ ერთი კანონის თანახმად, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზეც, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.

ამასთან, დეკემბერში დამტკიცებული კანონის თანახმად,  2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება.

კომენტარები