ვლადიმირ პუტინი

მედია: პუტინმა დსთ-ს ლიდერები სადილზე ყოფილი საყვარლის კაბარეში წაიყვანა

მარცხნივ - კადრი ლენინგრად ცენტრში დადგმული შოუ Lovesick-იდან

რუსული ოპოზიციური მედია Дождь-ის ეთერში გამომძიებელმა ჟურნალისტმა ანდრეი ზახაროვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ლიდერები, არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგში, ყოფილი საყვარლის კაბარეში სადილზე წაიყვანა.

Дождь-ის ცნობით, არაფორმალური სამიტის შემდეგ დსთ-ს ლიდერები ავტობუსში ჩასხდნენ და მივიდნენ ლენინგრად ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, პუტინის ყოფილ საყვარელს, სვეტლანა კრივონოგიხს ეკუთვნის. ლენინგრად ცენტრში სხვადასხვა სახის დადგმები სრულდება, თუმცა დაწესებულება ყველაზე მეტად ეროტიკული შოუებით არის ცნობილი.

"შესაძლო დადგმის ფრაგმენტები ვიპოვე... ეროტიკული სახის ცეკვაა. რაც საინტერესოა, მათ (ლენინგრად ცენტრს) ზუსტად ამ დილით საბავშვო სპექტაკლის პრემიერა აქვთ და მსახიობებმა რეპეტიცია ღამე გაიარეს, რადგან, როგორც ჩანს, იქ დსთ-ს ქვეყნების ლიდერები გვიანობამდე ისვენებდნენ". – თქვა ანდრეი ზახაროვმა.

ზახაროვის თქმით, ლენინგრად ცენტრის 25% რუსი ბიზნესმენის, იური კოვალჩუკის სტრუქტურებს ეკუთვნის, 75% კი კრივონოგიხს.

გამოცემა პროექტის 2020 წლის გამოძიების მიხედვით, კრივონოგიხი პუტინის მესამე უკანონო ქალიშვილის, ლუიზა როზოვას დედაა. 2000-იან წლებში კრივონოგიხი რუსეთის ბანკის აქციონერი გახდა. გამოძიების მიხედვით, მას ასევე ეკუთვნის სამთო-სათხილამურო კურორტი, გასართობი დადგმების დაწესებულება ლენინგრად ცენტრი, ძვირადღირებული სახლები, რესტორანი და 37-მეტრიანი იახტა.

პუტინმა დსთ-ს ლიდერებთან არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში კოლეგებს 8 ბეჭედი გადასცა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა. ბეჭდები მიიღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომართ თოყაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები