მიხეილ სააკაშვილი

წითლიძე დღეს შეხვდა პრეზიდენტს, რომელმაც ძალიან სთხოვა, შიმშილობა შეეწყვიტა – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ანი წითლიძე, რომელმაც დღეს შიმშილობა შეწყვიტა, პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შუადღეზე საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა.   

დეკანოიძე ზურაბიშვილს მადლობას უხდის - მისი თქმით, პრეზიდენტმა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. 

"[ანი წითლიძეს და პრეზიდენტს] ჰქონდათ კომუნიკაცია, რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ, რომ, როგორც ანიმ მითხრა, ძალიან შეწუხებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. [შეხვედრა] დღეს შედგა სასახლეში. ძალიან შეწუხებული იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. 

შეიძლება, ბევრმა არ გაიზიაროს ეს ჩემი დამოკიდებულება, ანიმ თქვა და მეც მინდა, ვთქვა - მადლობა მინდა ვუთხრა მას, იმიტომ, რომ მისი არაერთი მოწოდებაც იყო, ანის შიმშილობა შეეწყვიტა. რაც ვიცი და რაც მოასწრო ანიმ, არც მაქვს მეტის თქმის უფლება - მის ჯანმრთელობაზე ისაუბრეს, ისაუბრეს მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან სთხოვა ანის, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, ემოციური იყო მისი დამოკიდებულებაც. ეს იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი". - ამბობს დეკანოიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

დეკანოიძე ამბობს, რომ არ იცის, შეეხო თუ არა საუბარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. მისივე სიტყვებით, შეხვედრა, დაახლოებით, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით წითლიძე პარლამენტის შენობაში 12 დღე შიმშილობდა. წითლიძესთან ერთად ენმ-ს 2-მა დეპუტატმა - დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ 15 დეკემბერს შიმშილობა დაუწყო. 16 დეკემბერს მათ პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა და დღემდე შიმშილობას მხოლოდ ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე აგრძელებდა. 

კომენტარები