პოლიციელების ძალადობა

"ბოთლები მირტყეს, მუშტებით მცემდნენ" – მოქალაქე აგარის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

კადრი ვიდეოდან/მთავარი

მოქალაქე, აგარაში მცხოვრები 19 წლის ნიკა ოსაძე პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ის ყვება, 17 დეკემბერს დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სცემეს - მისივე სიტყვებით, ძალადობაში მონაწილეობდა აგარის პოლიციის უფროსი, სოსო გელაშვილი. 

"სოსო გელაშვილი და გიორგი თურმანიძე ხელით შემეხნენ, მერე ბოთლები მირტყეს და გამომიშვეს ნაცემი, შემაგდეს კაპეზეზე. კაპეზეზე რომ შემაგდეს, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩამერთო [გადამეღო] იმიტომ, რომ ყველაფრით მზღუდავენ. ეს პირველი არ არის, როცა ქუჩაში გამოვდივარ და მეუბნებიან, აგარა დატოვეო. 

თავიდან გაშლილი ხელებით მცემდნენ, მერე მუშტებით დაიწყეს... მერე იარაღი დამიდეს, კალთაში ჩამიდეს, როცა მე ბორკილები მედო, ლიმონკა დამიდეს - ვიდეოს იღებდნენ, აბა, ეს შენიაო?" - ამბობს ის მთავარ არხთან ინტერვიუში.

ნიკა ოსაძის ძმა ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წელს აგარის დატოვება აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ. 

"2014 დამისვეს ეგ შეკითხვა - ან აგარა უნდა დამეტოვებინა, ან კიდევ სროკზე უნდა მოვხვედრილიყავი. ზოგადად, იგივეს ვხედავ ჩემი ძმის მიმართ, რასაც მე მიკეთებდნენ. მაგრად მივქარე, რომ დავტოვე აგარა და თქვენ [პოლიციელებს] არ შეგეწინააღმდეგეთ, არასრულფასოვან სისტემას. დღემდე ხდება ჩემს ოჯახზე ზეწოლა - ძმა გამილახეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ..." - ამბობს ის. 

ნიკა ოსაძის დედის, ნინო ლურმანაშვილის თქმით კი მისი შვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის, რის გამოც პოლიციელები მას თანამშრომლობას აიძულებენ. 

"ჩემს შვილს აქვს დანაშაული ჩადენილი, დღეს პირობითს იხდის და ერთი რამე რომ ფუჭდება, ჩემი შვილი არის პოლიციის ზემოქმედების ქვეშ - სცემენ, დედას აგინებენ. ჩემმა ნიკამ აგარაში ვითომ ბევრი ვინმე იცოდა და არ ჩაუშვა, ამის გამო ჩემს შვილს აწვებიან - ან ჩვენი იყავი, ან ციხეში გაგიშვებთო". - ამბობს ის. 

კომენტარები