ნიგერია

REUTERS: ნიგერიაში ბოკო ჰარამის მიერ დატყვევებულ ქალებს იძულებით აბორტს უკეთებენ

REUTERS/Paul Carsten

Reuters-მა ნიგერიასა და ე.წ ისლამურ სახელმწიფოს შორის მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულებზე გამოძიება ჩაატარა

შედეგებმა აჩვენა, რომ ნიგერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებსა და ბავშვებზე ორივე მხრიდან ძალადობენ. ბოკო ჰარამის მებრძოლები ათასობით ქალს იტაცებენ, მათზე სექსუალურად ძალადობენ და მონობას აიძულებენ. თავის მხრივ, ნიგერიელი სამხედროები ამ ძალადობას ძალადობითვე პასუხობენ. 

Reuters-მა შეაგროვა ინფორმაცია ნიგერიის საიდუმლო აბორტის პროგრამის შესახებ, რაც ტყვეობისგან გათავისუფლებული ქალების ორსულობის შეწყვეტას გულისხმობდა. რესპონდენტი, რომლის ინტერვიუსაც საინფორმაციო წყარო აქვეყნებს, ჰყვება ისტორიას, თუ როგორ გაუკეთეს მას მოტყუებით აბორტი, მისი თანხმობის გარეშე. ქალის თქმით, მან არც კი იცოდა, რომ ორსულად იყო, სანამ ძლიერი ტკივილები არ დაეწყო და საბოლოოდ მუცელი არ მოეშალა. აიშას მოატყუეს, რომ ვაგინალური ინფექცია ჰქონდა და ინექცია მის ორგანიზმში სამკურნალოდ შეჰყავდათ. აბორტის პროგრამას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და მისი მსხვერპლი, საბოლოო ჯამში, ათასობით ქალი აღმოჩნდა. 

Reuters-მა ასევე მოიძია მოწმეები, რომლებიც აბორტის გარდა, სამხედროების მიერ ბავშვების განზრახ მკვლელობაზეც საუბრობენ. ნიგერიაში ამ ბავშვებს პოტენციურ  ტერორისტებად აღიქვამენ, რადგან ისინი ბოკო ჰარამის მებრძოლების შვილები არიან. იგივე რესპონდენტი, აიშა, მეორე შვილის სიკვდილთან დაკავშირებითაც უყვება ჟურნალისტებს. ერთი წლის ბავშვს აცრა გაუკეთეს, რის მერეც იგი თანდათანობით დაუძლურდა და იმავე საღამოს გარდაიცვალა. ბოკო ჰარამის მებრძოლზე იძულებით დაქორწინებულმა აიშამ, რომელსაც ქმარი გამუდმებით სცემდა და აუპატიურებდა, საბოლოოდ თავი დააღწია ტყვეობას, თუმცა ძალადობის მსხვერპლი სამშობლოშიც გახდა.

Reuters-ის ცნობით, აიშას მსგავსი ისტორია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში მცხოვრებ არაერთ ქალს აქვს.

კომენტარები