სანიაღვრე სისტემა

სანიაღვრე სისტემის პრობლემები ქუთაისში

სანიაღვრე სისტემა

სანიაღვრე სისტემის პრობლემები ქუთაისში

სტატიის ავტორი თამუნა ქავთარაძე - ქუთაისში არსებული საინიციატივო ჯგუფის "როდემდე"-ს წევრი

საინიციატივო ჯგუფი როდემდე 2022 წლის სექტემბერში, თავისუფლების აკადემიის მონაწილეების მიერ შეიქმნა. ჯგუფის მიზანი ქუთაისში არსებულ ხელშესახებ პრობლემებზე მუშაობაა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე მოქალაქეების კონტროლის ზრდას გულისხმობს. ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფი როდემდე ორ ძირითად თემაზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთია - ქუთაისში სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის პრობლემა.

სანიაღვრე სისტემების გაუმართავობის გამო, ყოველი წვიმა ქუთაისში ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობისათვის დატბორილ ქუჩებთანეზოსთანსარდაფთან პირველ სართულებთან, დაზიანებულ ავტომობილებთან, გაფუჭებულ ტექნიკასთან ასოცირდება. ამასთან, წვიმიან ამინდში განსაკუთრებულად რთულია ქალაქში, როგორც ფეხით, ასევე, ავტომობილით გადაადგილება.

  • "ჩვენი სახსრებით ამ პრობლემას ვერ მოვერევით. ეს [სანიაღვრე ქსელები] უნდა გაიწმინდოს და გაკეთდეს. წვიმის დროს არის ღვრაცოფი, სახლებში შედის წყალი. გაუსაძლისი მდგომარეობაა,წვიმის გვეშინია- იზოლდა მაჭარაშვილი, კოლხეთის ქუჩის მცხოვრები.

 ადგილობრივი თვითმმართველობა აღიარებს პრობლემის არსებობას. კერძოდ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 33-ე დადგენილების მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ინფრასტრუქტურის განვითარება ნომერ პირველ პრიორიტეტად არის განსაზღვრული, რაც სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებასაც მოიცავს (იმავე დადგენილების ა.გ) ქვეპუნქტი). პრიორიტეტულად დასახელებული პრობლემისთვის, 2022 წელს სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 925 400 ლარია გამოყოფილი. ხოლო, სანიაღვრე სისტემების მოვლა-პატრონობისთვის, რასაც ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” სამსახური ახორციელებს - 310 250 ლარი.

პრობლემის კვლევისას სანიაღვრე სისტემის გაუმართავობა გამოიკვეთა - 1. ავტომშენებლის; 2. ბუკიას; 3. ჭაბუკიანის; 4. ანტონ კათალიკოსის; 5. კოტე მესხის; 6. კოლხეთის; 7. ბუხაიძის; 8. შმიდტის; 9. ნიკეას; 10. ქეთევან წამებულის; 11. ჯორჯაძის; 12. ფალიაშვილის; 13. ლერმონტოვის; 14. ვარლამიშვილის; 15. წმ. ნინოს; 16. გელათის; 17. ნიუპორტის ქუჩებზე. ასევე, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა წერეთლის დაჩებზე, გუმათისა და ვაჟა-ფშაველას დასახლებებში დაგვხვდა.

  • "საშინელ დღეში ვარ. სარდაფს ვერაფერში ვიყენებ. ეს ყველაფერი ჩემი კერძო საკუთრებაა: სახლი, ქათამი, ეზო, ბოსტანი, რასაც [წყალი] ყველაფერს მიფუჭებს. შავ დღეში ვარ. რომ გავყიდო ვის უნდა ასეთი, არადა სახლს გადავყევი თან. მოხუცებულობაში მინდოდა ტკბილი ცხოვრება" - ნათელა ირემაძე-ცხადიაშვილი, ვაჟა-ფშაველას დასახლების მცხოვრები. მან არაერთხელ მიმართა თხოვნით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ვაჟას დასახლებაში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ. უფლებამოსილი პირებისგან დაპირებაც არაერთხელ მიიღო. თუმცა, საბოლოოდ, 3 თვის წინ ზეპირად უარი განუცხადეს დაპირებულ ბუნებრივი სასულეების რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფაზე. 

შესაძლო გამომწვევი მიზეზების დასადგენად და საზოგადოებაში არსებული შეკითხვებისთვის პასუხების მოსაძებნად, საინიციატივო ჯგუფ როდემდეს წევრები დარგის ექსპერტებს ლევან ჭანჭალეიშვილსა (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის ყოფილი უფროსი) და მერაბ ბარათაშვილს (არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა შენი სახლიას თანადამფუძნებელი) ვესაუბრეთ.

"გზის მთავარი მტერი არის წყალი და, როცა წყლის სწორი გადინება არ ხდება, ის აზიანებს ასფალტის საფარს. ყველა კონკრეტულ ადგილს, სადაც სანიაღვრე ქსელი პრობლემურია, კონკრეტული მიზეზი აქვს. ამიტომ, ცალსახად, მხოლოდ ერთ პრობლემას ვერ გამოვყოფთ, მიზეზების წყებაა". - მერაბ ბარათაშვილი.

ექსპერტები პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად მოძველებულ სტანდარტებს ასახლებენ: "ქუთაისში და, ზოგადად, საქართველოში მოქმედებს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარი №52 დადგენილება, საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანიაღვრე სისტემის მიმართულებით საქართველოში მოქმედი ნორმები ბოლოს 1984 წელსაა განახლებული, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. მაგალითად, იმ პერიოდში მაგისტრალური პლასტმასის მილები არ არსებობდა. შეუძლებელია ბეტონის მილების ჩადების სტანდარტით ჩავალაგოთ პლასტმასის მილები. თუ სწორად არაა მითითებული მილის კედლით თვისობრივი მაჩვენებელი, შეიძლება მცირე სიმძიმის დაწოლისასაც კი მოხდეს მილის შუაში ჩაღუნვა და შემდგომ ამ ადგილის შეტბორვა. სანიაღვრე სისტემის მოწყობისას ერთმა მცირე მილმა შეიძლება მთელი ასეული მეტრობით ნაკეთები სანიაღვრე სისტემის მუშაობა შეაფერხოს". - ლევან ჭანჭალეიშვილი. 

"სანიაღვრე სისტემებში ჩადებულ მილებზე მოდის სისტემის მთელი დატვირთვა. სათანადო მოთხოვნების დაცვით უნდა იყოს შერჩეული მათი დიამეტრი. მილებს აქვს სხვადასხვა ხარისხი და დანიშნულება (სისქე, დეფორმაციის ხარისხი, სიმტკიცის ხარისხი, მედეგობა...). მათ უნდა უზრუნველყონ წყლის დებეტის მაქსიმალური მოცულობის უპრობლემოდ გატარება. მაგალითად, გუგუნავაზე, გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისთან ნებისმიერი წვიმის დროს წყალი დგება. მილის ჩადების დროს დაცული არაა მისი დიამეტრი, ჩადებისა და დახრის კუთხე. შესაბამისად, არ ხერხდება წყლის თავისუფლად გატარება". - მერაბ ბარათაშვილი. 

  • “არაფერია არაა ნორმალურად გაკეთებული. ათხრიან, გადათხრიან და ნორმალურად არ აკეთებენ არაფერს. ხომ შეიძლებოდა თავშივე გაეკეთებინათ სანიაღვრეები?”  - მოქალაქე, ავტოქარხანა.

სანიაღვრე სისტემა რთულად დასაპროექტებელი და კიდევ უფრო რთულად გასაკეთებელი ნაგებობაა. ბევრი დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. გზის დაგების პროცესში მაქსიმალურად უნდა მოხდეს გზის ნიშნულების დაცვა; აუცილებელია მილის დახრის კუთხის გრადუსის გათვალისწინება; აუცილებელია გზისა და სანიაღვრეს დაგების პროცესს აკონტროლებდეს კვალიფიციური გეოდეზისტი; აუცილებელია მილის კვეთების შერჩევის დროს, საპროექტო ტერიტორიის ფართობისა და ფუნქციური დანიშნულების გარდა, გათვალისწინებულ იქნეს მიწისქვეშა თუ მიწისზედა გრუნტის წყლების მოდინებების თავისებურებები, რადგან ქუთაისის შემთხვევაში, ქალაქს ახასიათებს მდინარეებისა და ღელეების სიმრავლე. ხშირია წვიმიან პერიოდში მათი მოდიდების შემთხვევებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ, გზის საფუძვლის მოწყობის შემდგომ, ზედაპირზე საფარი დაგების პროცესამდე გაკონტროლდეს სათვალთვალო ჭებისა და სანიაღვრე მილების დაცულობა, რათა თავიდან ავიცილოთ ინერტული მასალების მოხვედრა ახალ სანიაღვრე ქსელში”, - ლევან ჭანჭალეიშვილი. 

  • "სისველისა და სინესტის გამო მორყეულია მთელი  კიბე. ცენტრალური ქუჩიდან გადმოდის წყალი. გასასვლელი არსად აქვს.  ეს [ცხაური] აქ, რაც დააგეს დაბალზე დარჩა. კი გვიძახეს წავა [წყალი] ზევითო,  მაგრამ არ მიდის. ინჟინრების გარდა ყველაფერი იყვნენ ისინი. იტბორება,  შედის სარდაფში, შემოდის ეზოში, დერეფანში. სახლის უკან - წყალი, გვერდით -  წყალი, წინ - წყალი. ასე კი ჩამოგვენგრევა ეს ჭერი თავზე" - მანანა ბარათაშვილი, გუმათის დასახლების მცხოვრები.

"სანიაღვრე სისტემის მშენებლობისას დაშვებული შეცდომებიდან ხშირია, როცა სანიაღვრეს ცხაური უფრო მაღლაა, ვიდრე გზის ზედაპირი.  გზის საფუძვლის მოწყობისას, სტანდარტი ითვალისწინებს მის ფენობრივ ტკეპნას. სავალდებულოა, ეს პროცესი განხორციელდეს სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის, სპეციალური პარამეტრების სატკეპნი საშუალებებით. თუ ეს ასე არ მოხდა, გზა დაგების შემდეგ კიდევ "დაჯდება" და ზედაპირის ნიშნული დაიწევს ქვემოთ, ხოლო სანიაღვრეს ცხაურა, რომელიც, უშუალოდ, ბეტონის ჭაზეა დამოტნატჟებული, რჩება იმავე ნიშნულზე". - ლევან ჭანჭალეიშვილი.

"სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის (არა მიმდინარე მოვლა, შენახვა-ექსპლუატაციის) სამუშაოების წარმოებას აკონტროლებს მერიის მიერ დაქირავებული ტენდერში გამარჯვებული საზედამხედველო კომპანია. ეს კომპანიები, ფაქტობრივად, ყოველ წელს იცვლება. ზოგჯერ, სამუშაოების დაწყებას ზედამხედველობას უწევს ერთი კომპანია, ხოლო დამთავრების პროცესს - სხვა. ზედამხედველობის პროცესი სრულად ერთმა საზედამხედველო კომპანიამ უნდა გააკონტროლოს. 

ცივილური მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში არსებობს ქალაქები, სადაც სახელმწიფო კომპანიები ასრულენ მოვლა-პატრონობას. ზოგან - კერძო კომპანიები, გრძელვადიან (5-10 წლიან) ტენდერებში გამარჯვების შემდეგ წარმართავენ სანიაღვრე ქსელის ექსპლუატაციის პროცესს.  კარგი ზედამხედველობის პირობებში  ორივე ვარიანტი გამომდგარია და მისაღები. მთავარია, ეს პროცესი სათანადოდ კონტროლდებოდეს კომპეტენტური ზედამხედველების მიერ. ჩემი აზრით, ქართულ რეალობაში მეორე ვარიანტი უფრო სასურველია, რადგან მიმაჩნია, ამ სამუშაოს კერძო კომპანია ბევრად ეფექტურად გაართმევს თავს". - ლევან ჭანჭალეიშვილი. 

ქუთაისის სხვდასხვა უბანში, მოსახლეობის გამოკითხვისას, სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქსელის ნაგვით ამოვსება დასახელდა. მათი თქმით, სანიაღვრე ქსელების გაუწმენდაობა დატბორვას, შესაბამისად, კერძო საკუთრებების დაზიანების ფაქტებს ხელს უწყობს. 

"ღვარსადენებს ერთი სერიოზული პრობლემა აქვს - მტვერი და ფოთლები იყრება. ზუსტად, ეს უნდა გათვალოს პროექტანტმა, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ნაგავი მოხვდეს ამ სივრცეში და, რაც მთვარია გატანადი იყოს. მაგალითად, ბესტ ვესტერნის სასტუმროსთან თვენახევარი იყო გზა გაჭრილი, მილი ჩადებული, სამუშაოები მიტოვებული. კარგი ისაა, რომ მილი დახურული იყო (ბევრგან ეს ასე არ არის, მილებს შეუფუთავს ტოვებენ). დანაგვიანდა, მაგრამ ეს 8 მილიონიან პრობლემად რატომ უნდა იქცეს?". - მერაბ ბარათაშვილი.

“სანიაღვრე სისტემის გაწმენდა უნდა მოხდეს ქსელის მილის დიამეტრის, არეალის რელიეფისა და ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა-გრაფიკით. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდება ქსელის მომსახურე დაწესებულების ტექნიკური პერსონალის მიერ და თანხმდება მერიასთან. ამ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ქსელის  კონკრეტული სეგმენტის თუ წერტილის გაწმენდის ინტენსივობა და შესაბამისი მეთოდოლოგია, თავისი დანადგარებით. სანიაღვრე ქსელის განვითარების პარალელურად, ამ დოკუმენტში შედის შესაბამისი ცვლილებები. 

"სანიაღვრე ქსელის წმენდაზე ზედამხედველობა უნდა იყოს პერმანენტული, რადგან  ექსპლუატაციის პროცესი ჯაჭვისებურადაა აწყობილი. თუ ერთი წერტილი არ გაიწმინდა, სალექარი გაივსო ქვიშით და ნაგვით, გავსების შემდეგ ეს ქვიშა გადადის ქსელში და ხდება მილების შევსება, რაც ქსელის შეუქცევადი დაზიანებაა. ასეთ შემთხვევაში, ამ მონაკვეთზე აუცილებელი ხდება კაპიტალური სამუშაოების წარმოება ან თანამედროვე სპეც. მანქანებით სპეციფიკური გაწმენდა, რაც კიდევ  ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. კარგი იქნება თუ ა(ა)იპ სპეციალური სერვისებს დამატებით შეუძენენ სპეცტექნიკას. მაგალითად, სპეცმანქანას, მასზე დამონტაჟებული მაღალ წნევაზე მომუშავე მილების საწმენდით". - ლევან ჭანჭალეიშვილი.

აღსანიშნია, რომ ექსპლუატაციასა და ექსპლუატაციის ზედამხედველობის პროცესს მერიის მიერვე შექმნილი ა(ა)იპ-ი ახორციელებს. ექსპერტთა აზრით, ეს არც თუ ისე სასურველი პრაქტიკაა.  

დავინტერესდით, რამდენად მოდის თანაფარდობაში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ქუთაისის მაცხოვრებელთა პრობლემების აღმოფხვრასთან. ექსპერტთა მოსაზრებით მსგავსი მასშტაბური პრობლემების აღმოსაფხვრელად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მინიმალურია, თუმცა ადგილობრივი ბიუჟეტიდან მოძიებადი. ამასთან, ამ პრობლემის აღმოფხვრას მეტი ლობიერება სჭირდება, როგორც დონორებთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

მოსახლეობის აზრით, ზოგიერთ ქუჩაზე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეაბილიტაციამდე წყალი არ დგებოდა. ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ - იტბორება. ბუნებრივია, ამგვარმა პრაქტიკამ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გააჩინა საპროექტო ორგანიზაციების გამოცდილებასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროექტმა აუცილებლად უნდა გაიაროს ექსპერტიზა (სამხარაულის ან აკრედიტირებული ექსპერტული ორგანიზაციის მიერ), რაც მართალია ფასიანი მომსახურებაა, მაგრამ ეს ხარჯი გამართლებულია, რადგან, პირობითად, 8 მლნ. ლარი ბიუჯეტიდან ხელთავიდან არ გახდეს გადასახდელი. "საზოგადოებას, ცალსახად, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ პროექტირებისა და სამუშაოების შესრულებისათვის გამოყოფილი თანხა მისი გადახდილია. ერთი და იგივე საქმის რამდენჯერმე გაკეთებით ვზარალდებით. როცა ჩვენ ამ ტიპის მოთხოვნებს გავზრდით, მეტი კვალიფიციური კადრი დაინტერესდება შესაბამის სამსახურებში მუშაობით". - მერაბ ბარათაშვილი.

მერიასა და მოსახლეობის საჭიროებებს შორის ხიდჩატეხილობაა. ამას მოწმობს, როგორც ხალხის აზრი, ასევე ქუთაისის ბიუჯეტი, რომელიც არ ასახავს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო დეკლარირებულად აღიარებს სანიაღვრე სისტემის პრიორიტეტულობას, ამისთვის საჭირო რესურსებს არ გამოყოფს და მოსახლეობის კერძო საკუთრებას ყოველდღიურად ზიანის წინაშე აყენებს.

8 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა როდემდემ ამ პრობლემის გაჟღერება მერიის წინ გადავწყვიტეთ, რომლისთვისაც ხელის შეშლა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “მუნიციპალური ინსპექციისა” და დაცვის თანამშრომლებმა სცადეს.

დაგეგმილი გვქონდა ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეორგოლის მერიის ფასადზე პროექტორის საშუალებით მიშუქება. ვიდეო აღწერდა მოქალაქეების მიერ მონათხრობ იმ პრობლემებს, რასაც  სანიაღვრე სისტემების გაუმართავობა იწვევს ქუთაისში. ამ უწყინარმა პერფორმანსმა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა, მერიის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “მუნიციპალური ინსპექციის” თანამშრომლის ზვიად წაქაძის თქმით, ჩვენ მიერ კუთხეში განთავსებული 50x70 სმ.-ის გენერატორი მოქალაქეებს ხელს უშლიდა გადაადგილებაში. შემდეგი მათი ქმედება გენერატორის მალულად გათიშვა იყო, რითაც მხოლოდ 20 წამით მოახერხეს პროცესისთვის ხელის შეშლა. 

19 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა როდემდემ პანელ-დისკუსია - “სანიაღვრე სისტემების პრობლემები ქუთაისში” - გამართა, რომელსაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არცერთი წარმომადგენელი და მმართველი პარტიიდან საკრებულოს არცერთი წევრი არ დაესწრო. ამის პასუხად, 5 დეკემბერს, ქუთაისის მერიის წინ კვლავ გავმართეთ აქცია-პერფორმანსი. ადგილზე მივიტანეთ ხალხის ხმა, სადაც ისინი თავიანთ პირად ისტორიებს ყვებიან, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. არც ამ უწყინარმა პერფორმანსმა ჩაიარა მერიის თანამშრომელთა მობილიზაციისა და წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის გარეშე. 

გარდა მერიის წინ საჯარო სივრცის გამოყენებით მოსახლეობის ხმის მიტანისა და დისკუსიის ფორმატში თვითმმართველი ორგანოებიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების მოწვევისა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შევეცადეთ ინფორმაციის მიღება ინტერვიუს ფორმატშიც გვეცადა. მოვამზადეთ შეკითხვები, რომლებიც უფლებამოსილი პირებისთვის, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა ქუთაისში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, უნდა დაგვესვა ინტერვიუს სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი უფლებამოსილი პირი თანახმა იყო ინტერვიუზე. თუმცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პიარ-სამსახურმა უარი განგვიცხადა უფლებამოსილ პირებთან ინტერვიუს ფორმატით კომუნიკაციაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად უმნიშვნელოა, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღვრული საკითხი, ასევე მოსახლეობასთან კომუნიკაცია. მერიის წარმომადგენლები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან ღიად გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს პასუხი. 

ინტერვიუებზე უარის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა როდემდემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, პირველ დეკემბერს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმატით მივმართეთ. სამწუხაროდ, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.