ავსტრალია

ავსტრალია ირანსა და რუსეთს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პენი ვონგი
Reuters

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების "საშინელ" დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, ავსტრალია სანქციებს 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას უწესებს, მათ შორის, ირანის მორალის პოლიციას, ნახევრად გასამხედროებულ მოხალისეობრივ დაჯგუფებ Basij-ის და 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე ექვს ირანელს.

"ირანის რეჟიმის მხრიდან მისივე ხალხის უფლებების უხეშმა და გავრცელებულმა უგულებელყოფამ ავსტრალიელები აღაშფოთა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ". – წერს ვონგი Sydney Morning Herald-ში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე შვიდ რუსს სანქციები დაეკისრებათ. პენი ვონგის განმარტებით, ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო დაწესებული სანქციების გარდა, რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებისთვის ავსტრალია დამატებით მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს სამ ირანელ მოქალაქესა და ერთ ბიზნესს უწესებს. 

"რუსეთისთვის დრონების მიწოდება ადასტურებს იმ როლს, რომელსაც ირანი გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციაში ასრულებს. ეს სია ხაზს უსვამს იმას, რომ ვინც რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს, შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს". – თქვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ავსტრალიამ სანქციები ასობით რუს ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას დაუწესა, მათ შორის, რუსეთის საბანკო სექტორის უმეტესობას და სახელმწიფო ვალზე პასუხისმგებელ ყველა ორგანიზაციას. ამას გარდა, ავსტრალია უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასა და ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის, რუსეთში კი ალუმინის ექსპორტი აკრძალა.

კომენტარები