თანასწორობის პოლიტიკა

თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით 2022 წელს პოზიტიური დინამიკა არ გამოჩენილა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) 2022 წელს ქვეყანაში თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტი აანალიზებს 2022 წელს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ტენდენციებს. შეფასება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, ასევე კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2022 წელს არცერთი ზემოთ აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა არ გამოჩენილა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური პოლიტიკის დონეზე ჩანს მთავრობის მცდელობები შეიმუშავოს და დაამტკიცოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, ეს დოკუმენტები და მასთან დაკავშირებული პროცესები ძირეული ცვლილებების საფუძველი არ ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მხრიდან ჩანს თვითორგანიზებისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის მაღალი ინტერესი და მზადყოფნა, ინსტიტუციური პოლიტიკის ველები არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე არ არის ღია მათი რეალური დემოკრატიული მონაწილეობისთვის. ზოგადად, მიმდინარე წელს თვალშისაცემი იყო სახელმწიფო უწყებების ჩაკეტილობის პრობლემა. იმ უწყებების დონეზეც კი, სადაც წინა წლებში აქტიური იყო თანამშრომლობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო, მიმდინარე წელს კომუნიკაციისა და დიალოგის პროცესები მათ დონეზეც კი სუსტი, ფრაგმენტული და არასაკმარისი იყო". – ნათქვამია დოკუმენტში.

არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა

SJC-ის შეფასებით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით 2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს მთავრობამ მიიღო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და რელევანტური სამოქმედო გეგმა, ამ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ძირეული რეფორმებისა და ცვლილებების ინიციატივები სახელმწიფოს არ წარმოუდგენია და არც სამოქალაქო ორგანიზაციებთან ჰქონია სათანადო განხილვა ამ თემაზე.

"ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას მოქალაქეობის პრობლემას, რომელიც ადამიანებისთვის სხვა უფლებების სარგებლობის საბაზისო უფლება და გარანტიაა". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას ჯავახეთში მცხოვრები 10 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხის პირის წინაშე, რომლებმაც შრომითი მიგრაციის გამო 2008 წლის ომის ფონზე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს; ასევე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს საქართველოდან გაქცეული ეთნიკური ოსების, რეპატრირებული მუსლიმი მესხებისა და ჩეჩენი ლტოლვილების (დაახლოებით 100 მდე ადამიანის) წინაშე.

ორგანიზაციის შეფასებით, მოქალაქეობის შესახებ არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკა ნაკლებად მგრძნობიარეა ამ ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კავშირები აქვთ საქართველოსთან, საბაზისო პოლიტიკური და სოციალური უფლებების გარეშე ტოვებს. ამასთან, კანონისა და მისი აღსრულების ძირითადი სირთულეები ამ ისტორიულ კონტექსტში მცხოვრები ჯგუფებისთვის (საგამონაკლისოდ) ორმაგი მოქალაქეობის დაშვების არსებობას, მოქალაქეობის მიღების/დაბრუნების პროცესისთვის ქართული ენის ცოდნის მოთხოვნას და ამ პროცესზე უსაფრთხოების სამსახურების ჭარბ გავლენებს უკავშირდება. 

"2022 წლის ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უპრეცედენტო თვით-ორგანიზების შემდეგ დადგა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ როგორია კანონპროექტის საჯარო განხილვისა და მიღების გეგმა და ვადები". – ნათქვამია შეფასებაში.

არადომინანტური რელიგიური ჯგუფები, რელიგიის თავისუფლება და პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოს მნიშნველოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია. რელიგიური უმცირესობების უთანასწორო მდგომარეობა ჯერ კიდევ რჩება მნიშნველოვან გამოწვევად.

2022 წელს რელიგიური ორგანიზაციებისა და ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა კვლავ მათი პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. SJC აღნიშნავს, რომ 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროვებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთ სასულიერო პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გამოძიების პროცესში ფუნდამენტური ხარვეზები და გამოწვევები ვლინდება. მაგალითად:

  • გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები;
  • გამოკითხულები არ არიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) თანამშრომლები და სრულყოფილად არ არის შემოწმებული არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციები;
  • სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანია და ფორმალური, ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ. მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურეობრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებს;
  • გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა.
  • მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო.

"იმ ფონზე, როცა უკანონო მოსმენების მასობრივ პრაქტიკაზე სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ აუღია, ამ დრომდე ბუნდოვანია, არსებობს თუ არა სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე მასობრივად არ უსმენს და არ ინახავს მოქალაქეების პირად კომუნიკაციას". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეფასებაში რელიგიის თავისუფლების კუთხით საუბარია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწით სარგებლობის პრობლემასა და ბათუმში მეჩეთის მშენებლობის გადაუჭრელი პრობლემის შესახებ.

შეფასება ასევე გამოყოფს ბოლნისის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას.

"2022 წლის 8 დეკემბერს ბოლნისის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ  მხოლოდ 1 სხდომის ფარგლებში ჩატარებული განხილვით გააუქმა. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა პრობლემური განმარტებები და რეპლიკები მოსარჩელეების რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებაზე.  აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც, მარნეულის მერიამ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების პირობები ისევ გაითვალისწინა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თვითმმართველობის მხრიდან კონსტიტუციური პრინციპებისა და სტანდარტების დემონსტრაციული უპატივცემულობის  პრობლემას". – ნათქვამია დოკუმენტში.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება და პოლიტიკა

SJC-ის შეფასებით, 2022 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არც ულტრანაციონალისტური ჯგუფებიდან მომდინარე ძალადობასთან გამკლავებისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი სამოქმედო გეგმა.  

"აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური და პრევენციული სამუშაოების დონეზეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უზრუნველყოფს ულტრაკონსერვატიული პრორუსული ჯგუფების დაფინანსების წყაროებისა და აფილაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.  ამასთან არ ახდენს ამ ჯგუფებისგან მომდინარე ნარატივების მონიტორინგს და საწინააღმდეგო/საპასუხო ნარატივების გავრცელებას, რაც ამ ჯგუფებისგან მომდინარე პროპაგანდის მიმართ ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად მედეგს ხდის და მძიმე გავლენას ახდენს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებაზე". – წერს ორგანიზაცია.

კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 2022 წელსაც კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ისევე როგორც კონფლიქტის რეგიონებში და გამყოფი ხაზის სოფლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით  ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები არ გვქონია.

შეფასებით თანახმად, 2021 წელს დაწყებული სამუშაო პროცესი შერიგების და დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების მიზნით ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და სახელმწიფოს კვლავ არ აქვს სტრატეგია კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე. სტრატეგიების არ ქონის პარალელურად, არ ჩანს მნიშვნელოვანი ცვლილებები პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელების გზაზეც.

"უცვლელად მძიმე რჩება კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სოფლებში უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომა და სტრატეგია იმისათვის რომ უპასუხოს გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების, უფლებრივ და სოციალურ წუხილებს. სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებდა". – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები