საქსტატი

საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომაზე ქალები კაცებზე 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ – საქსტატი

iStock

საქსტატის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევის შედეგების თანახმად, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი – კვირაში 3.9 საათს.

ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3.680 შინამეურნეობა შეირჩა და 6.074 რესპონდენტი გამოიკითხა. 

საქსტატი

დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა – კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.

საქსტატმა კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის.

ვრცლად კვლევის შესახებ: დღე-ღამეში საქართველოს მოსახლეობა 11.7 საათს თავზე ზრუნვასა და ძილზე ხარჯავს, 2.6 საათს მუშაობაზე

კომენტარები