ჩინეთი

პროტესტის შეჩერებისთვის ჩინეთი კოვიდშეზღუდვებს ამარტივებს

AP Photo/Andy Wong

მკაცრი შეზღუდვებით გამოწვეული ხალხის პროტესტის შესაჩერებლად, ჩინეთის უფრო მეტმა ქალაქმა შეამსუბუქა კოვიდრეგულაციები. 

პროტესტი გასულ კვირას დაიწყო. გამომსვლელთა ნაწილმა პოლიტიკური მოთხოვნაც კი წამოაყენა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის გადადგომა მოითხოვა. ამჟამად, დემონსტრანტთა დარბევის შემდეგ, დიდი ქალაქების ქუჩებში სიმშვიდეა.

თუმცა ბევრი ის შეზღუდვა, რომელმაც ხალხი შანხაის, პეკინის და სულ მცირე სხვა ექვსი ქალაქის ქუჩებში გამოიყვანა, კვლავ ძალაში რჩება. 

მომიტინგეების უმეტესობა "ნულოვანი-COVID" პოლიტიკას აპროტესტებს, რაც გულისხმობს ვირუსის გავრცელების აღმოფხვრელად ყოვლისმომცველი ჩაკეტვას, მოგზაურობის შეზღუდვასა და ტესტირების ხშირ მოთხოვნას. თუმცა, ამასთანავე, გამოსვლებზე ისმოდა პარტიისა და მისი ლიდერის სი ძინფინგის გადადგომის მოთხოვნებიც. გამოსვლა, რომელსაც პარტია დივერსიულად მიიჩნევს და თავისუფლების წლობით აღკვეთით ისჯება. 
 

პროტესტის დაწყების მიზეზი ხანძრის შედეგად 10-მდე ადამიანის დაღუპვა იყო. მოსახლეობაში არსებობდა კითხვები, სწორედ შეზღუდვების გამო ხომ არ გაუჭირდა მეხანძრეებსა და მსხვერპლს შენობის დატოვება. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

პროტესტის დროს დაკავებულთა რიცხვი უცნობია, ასევე არ არის ცნობილი, წაუყენებენ თუ არა მათ ბრალს. მსგავსი მოთხოვნები უჩვეულოა ჩინეთისთვის, სადაც მთავრობისა და პრეზიდენტის ნებისმიერმა პირდაპირმა კრიტიკამ შეიძლება მკაცრი ზომები გამოიწვიოს. 

კომენტარები