რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

Reuters: უკრაინაში ომის განმავლობაში, აშშ-რუსეთმა სამხედრო ცხელი ხაზი ერთხელ გამოიყენეს

უკრაინა, რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ენერგოდარში.
РИА Новости

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც მათ აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად მიაწოდა, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურებმა, უკრაინაში მიმდინარეო ომის განმავლობაში, კონფლიქტის განმუხტისთვის შექმნილი ცხელი ხაზი, აქამდე, მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს.

როგორც აშშ-ს წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, ამერიკამ სპეციალური საკონტაქტო ხაზი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ რუსულ ოპერაციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო გამოიყენა.

Reuters-ი არის პირველი მედია, რომელიც იტყობინება, რომ ცხელი ხაზი დანიშნულებისამებრ გამოიყენეს და არა გამოსაცდელად. 

ცხელი ხაზი აკავშირებს აშშ-ს ევროპულ სარდლობასა და რუსეთის ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრს.

ანონიმურ წყაროს Reuters-თან არ დაუზუსტებია თუ როდის და რა შემთხვევასთან დაკავშირებით გამოიყენეს ცხელი ხაზი, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის დროს არ მომხდარა. 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ანონიმურ წყაროს მედიასთან არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იყო საუბარი, აქამდე ვაშინგტონმა რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხლის გარშემო რუსეთის მოქმედებების გამო.

კონფლიქტის განმუხტვის ცხელი ხაზი რუსეთისა და აშშ-ს სამხედრო სტრუქტურებს შორის ერთ-ერთი საკავშირო ხაზია. ამას გარდა, სხვა სამხედრო კავშირები მოიცავს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ლიდერების, სერგეი შოიგუსა და ლოიდ ოსტინის იშვიათ სატელეფონო საუბრებს. ამას გარდა, ორჯერ შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ს არმიის გენერალს, მარკ მილისა და რუსეთის არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს შორის.

ასევე, რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჰქონდათ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეთაურს, უილიამ ბარნს შორის.

კომენტარები