EPP-ს რეზოლუცია

დასანქცირდეს ოლიგარქი ივანიშვილი, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია – EPP-ის რეზოლუცია

ევროპარლამენტში ყველაზე მეტი, 176 ადგილის მქონე ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ, რომელიც მოიცავს ოთხ მოწოდებას.

ევროპის სახალხო პარტია:

  • საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისი საჭირო რეფორმების გატარებით, ქართველი ხალხის სარგებლისა და მათი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ცხადად გაემიჯნონ და დაგმონ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების წახალისებული სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ცრუ სიახლეები, რომლებიც მათ ბრალად სდებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ფრონტის გახსნაში;
  • საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა - უზრუნველყოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და სხვა ქვეყანაში შესაფერისი სამედიცინო მკურნალობისთვის ჰუმანიტარული გადაყვანა და მთავარი არხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება;
  • მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლისთვისა და საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის.

რეზოლუცია, მოწოდებების გარდა, უარყოფითად აფასებს საქართველოს ბოლოდროინდელ ვითარებას. ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის უგულებელყოფა იხილეს.

EPP რეზოლუციაში აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა. რეზოლუციამ გააკრიტიკა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი ბოლო განაჩენი, ხოლო სააკაშვილს "პუტინის პირადი პატიმარი" უწოდა.

EPP გამოთქვამს შეშფოთებას, რომ "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი დესტრუქციული როლი ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაში, სახელმწიფოს მიტაცებასა და საქართველოში ხელისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებზე სრულ კონტროლში".

კომენტარები