კრიმინალი

მარნეულში სროლა იყო – დაიჭრა ერთი ადამიანი

Tabula

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ღამით სროლა იყო. დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიჭრა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მედიასთან ადგილობრივი, აქტაი აზიზოვი ამბობს, მის ძმას ჩაუსაფრდნენ და 5 ტყვია ესროლეს - მისივე ინფორმაციით, დაპირისპირება სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს მოჰყვა, რომელშიც დაჭრილი მოსახლეობას ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანებისგან იცავდა. 

"ჩემი ძმა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რუსეთიდან. როდესაც გაიგო, რომ სოფელში მოდის ხალხი და ფულს ითხოვენ, დაიწყო თანასოფლელების დაცვა. ამბობდა, რომ არავის აქვს უფლება, მოვიდეს და ხალხს ფული სთხოვოს. ხალხი თავისი შრომით ფულს შოულობს და გარკვეული დაჯგუფებები მოდიან, წვავენ მანქანებს, მკვლელობაც კი იყო, იყო სხვა შემთხვევებიც. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მან დაიწყო ღიად ამ ხალხის დაცვა და სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ვერავინ მოითხოვს აქ ფულს. 

ჩაიხანაში იყო, როდესაც გამოვიდა ხიდის ქვეშ ჩაუსაფრდნენ და 5 ტყვია ესროლეს, 4 მოხვდა. მინდა, ხელისუფლება დაინტერესდეს ამ ფაქტებით, მაგრამ არაფერს აკეთებს - ამ მოთხოვნით აქციაც გავმართეთ და [გზა] გადავკეტეთ. არ ვიცით, ვინ არიან, ვიცით, რომ არიან ქურდული მენტალობის დაჯგუფება. მე არ ვენდობი გამოძიებას". - ამბობს დაჭრილის ძმა. [ფორმულას თარგმანი]  

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები