კრიმინალი

მამამთილმა რძალი ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო დაჭრა – პროკურატურა

Tabula

საქართველოს პროკურატურამ წყალტუბოში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

"სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები