დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სანქციების პასუხად ჩრდილოეთ კორეამ მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

REUTERS/File Photo

გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ამასთანავე, სამხრეთის გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლების თქმით, საზღვრთან შეინიშნებოდა ჩრდილოეთ კორეის 10 სამხედრო თვითმფრინავი. უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ჩრდილოეთ კორეამ ზღვის ბუფერულ ზონებში 170-ჯერ გაისროლა. 

სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთის მოქმედებები 2018 წლის ორმხრივი სამხედრო პაქტის დარღვევად შეაფასა: შეთანხმება კრძალავს "მტრულ ქმედებებს" სასაზღვრო ზონაში.

თითქმის ხუთი წლის განმავლობაში სეულმა პირველად დააწესა ცალმხრივი სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ, შავ სიაში შეიყვანა ის 15 პირი და 16 ინსტიტუტი, რომლებიც მონაწილეობენ რაკეტების წარმოებაში.

ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვების უპრეცედენტო სიხშირე იწვევს შეშფოთებას, რომ ქვეყანა, შესაძლოა, 2017 წლის შემდეგ პირველად ემზადება ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებისთვის.

აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამ აღნიშნა, რომ იცოდნენ რაკეტის გაშვების შესახებ და "ეს არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს არც აშშ-ს პერსონალისთვის და არც ტერიტორიისთვის და არც ჩვენი მოკავშირეებისთვის".

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის მოსახლეობა ჩრდილოეთის მოქმედებებს პანიკით არ ხვდება, Gallup-ის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70%-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებს საფრთხედ აღიქვამს - ეს პროცენტული მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. 

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ტესტების უახლესი სერია, მათ შორის, გასულ კვირას იაპონიის მიმართულებით საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გასროლა, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო წვრთნების პირისპირ ძალის დემონსტრირებად შეიძლება შეფასდეს. 

კომენტარები