რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ბაიდენი: არ მგონია, პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს

"არ მგონია, მან ეს გააკეთოს". – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. 

"მგონია, რომ მისი მხრიდან უპასუხისმგებლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობდეს, რომ მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში". – თქვა ბაიდენმა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ნოემბერში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს განსახილველ საკითხზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, შესაძლებელი იქნება შეხვედრა, თუ განხილვის თემა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი იქნება. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში, ის ვერ ხედავს კარგ მიზეზს რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ სასაუბროდ. 

"ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულად თუ რაზე ენდომება მას საუბარი. მაგრამ, ის სასტიკად მოიქცა და მე ვფიქრობ, რომ მან ომის დანაშაულები ჩაიდინა. შესაბამისად, ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის ვერანაირ მიზეზს". – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები