რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლდოვა: ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია სამმა რუსულმა რაკეტამ, რომელთა სამიზნეც უკრაინა იყო

ნიკუ პოპესკუ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია სამმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელთა სამიზნეც უკრაინაში მდებარე ობიექტები იყო. 

"სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომლებიც ამ დილით უკრაინის მიმართულებით შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან უკრაინის მიმართულებით ისროლეს, მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. გავეცი ბრძანება, გამოძახონ ელჩი ახსნა-განმარტების მოსაცემად". – წერს პოპესკუ Twitter-ზე. 

ამას გარდა, პოპესკუმ იერიშები დაგმო.

"მოლდოვა უმკაცრესად გმობს თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას რუსეთის ფრთოსანი რაკეტების მიერ, როცა რუსეთმა ამ დილით უკრაინულ ქალაქებზე იერიში მიიტანა". – წერს პოპესკუ Twitter-ზე.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს მოლდოვის თავდაცვის სამინისტროც. ~

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

კომენტარები