საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აგვისტოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 936.4 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 571.4 მლნ დოლარია (+36.9%), ხოლო იმპორტი - 8 364.9 მლნ დოლარი (+36.5%).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (502.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (421.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (409.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 467.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 068.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (724 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 788.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 477.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 226.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 683.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 490.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 371.6 მლნ. აშშ დოლარით (10.4%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მსუბუქი ავტომობილები იყო (მთლიანი იმპორტის 11.2%). მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 872.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.4%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 531.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4%).

კომენტარები