ივანიშვილის დეპუტატები

სუბარი დეგნანზე: ზემოდან გველაპარაკება

კელი დეგნანი არ იყო გულწრფელი [ინტერვიუსას], არ ამბობდა სიმართლეს, თავს არიდებდა პასუხებს ან გადმოდიოდა შეურაცხყოფებზე და ეს არაა კარგი საქციელი ელჩისთვის ზოგადად და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩისთვის. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და თან იქ იყენებდა იმ ორმაგ სტანდარტს, სადაც ავლენდა თავის არცთუ კეთილგანწყობას საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.

მისი თქმით, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ბატონი კინზინგერი მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლებს, რომ ჩადით საქართველოში და ეს პრორუსი ხელისუფლება გაყარეთ იქიდან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის წევრის და თურმე, ეს მისი საქმე არ არის, მაგრამ, როდესაც ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვუსვამთ კითხვებს ქალბატონ კელი დეგნანს, თურმე ეს არის პრორუსული დეზინფორმაცია.

სინამდვილეში, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს და ვინც პრორუსულ ინფორმაციას ემსახურება საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების შემოტანა, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ელჩი გვიყურებს არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის წევრებს, არამედ გველაპარაკება ზემოდან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე გადმოდის.

ამბობს ივანიშვილის ერთ-ერთი დეპუტატი სოზარ სუბარი. გუშინ, 15 სექტემბერს იმედთან ინტერვიუში კელი დეგნანმა ივანიშვილის დეპუტატებზე საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს. მისივე სიტყვებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს წინააღმდეგ, მაში არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. 

კომენტარები