მაიკლ ჯორდანი

მაისური, რომელიც მაიკლ ჯორდანს 1998 წელს NBA-ს ფინალში ეცვა, $10.1 მილიონად გაიყიდა

კლუბ ჩიკაგო ბულზის მაისური, რომელიც ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს, მაიკლ ჯორდანს 1998 წლის NBA-ს ფინალის გახსნითი მატჩის დროს ეცვა, აუქციონზე რეკორდულ ფასად, $10.1 მილიონად გაიყიდა. აქამდე, ყველაზე დიდი თანხა, რაც სპორტულ ტანსაცმელში იყო გადახდილი, $9.28 მილიონს შეადგენდა. აღნიშნული თანხა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას მაისურში გადაიხადეს, რომელიც მას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა.

აუქციონის სახლის Sotheby's განცხადებით, ჯორდანის მაისურმა სპორტის გულშემატკივრებსა და კოლექციონერებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. აუქციონის ცნობით, მაისურის მოსაგებად 20 ადამიანი იბრძოდა. მაისური აუქციონზე ჟურნალ Sports Illustrated-თან ერთად გაიყიდა, რომლის გარეკანზე სწორედ მაიკლ ჯორდანია გამოსახული.

იმ მატჩში, რომელშიც ჯორდანს აუქციონზე გაყიდული მაისური ეცვა, ჩიკაგო ბულზი იუტა ჯაზთან 85:88 დამარცხდა, თუმცა, საბოლოოდ, 6 მატჩის შემდეგ, გამარჯვება სწორედ ჯორდანის კლუბს დარჩა. თავად მაიკლ ჯორდანი კი ამ ფინალური მატჩების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

კომენტარები