რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: კიევის უსაფრთხოების გარანტიების პროექტი პირველი ნაბიჯია მესამე მსოფლიო ომისკენ

Telegraph

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევის პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არის პირველი ნაბიჯი გლობალური კონფლიქტისკენ.

"კიევის ხუნტამ "უსაფრთხოების გარანტიების" პროექტი შვა, რომელიც არსით მესამე მსოფლიო ომის პროლოგია". - წერს მედვედევი. 

მედვედევმა აღნიშნა, რომ გაჟღერებული წინადადებები გულისხმობს ჩრდილოატლანტიკური პაქტის მეხუთე მუხლის უკრაინაში გამოყენებას, რომლის მიხედვითაც თუ NATO-ს ერთი წევრი ქვეყანა შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდება, მოკავშირეები ამას განიხილავენ თავდასხმად ალიანსის ყველა ქვეყანაზე და მიიღებენ საჭირო მოქმედებებს.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე შეეხო კიევის იარაღის მიწოდების ზრდას და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კამპანიის სხვა დონეზე გადასვლა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები ვერ შეძლებენ "თავის სუფთა სახლებსა და ბინებში მშვიდად ყოფნას“, რადგან "მათ ირგვლივ ყველაფერი იფეთქებს".

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიასა და თურქეთს და ითვალისწინებს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ბაზაზე, იარაღისა და დაზვერვის ფართომასშტაბიან გადაცემას, სამხედრო წვრთნებს ქვეყანაში უცხოელი ინსტრუქტორებისა და მრჩევლების ჩართულობით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაამყარონ იარაღის მუდმივი მიწოდება კიევისთვის და დაეხმარონ მას ფინანსურად.

რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ ანაცვლებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს. ეს მისწრაფება დაცულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. 

"NATO-სა და ევროკავშირის წევრობა გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას. გარანტიები, რომლებიც დღეს ასახულია, არანაირად არ არღვევს ამ მიზნებს, მაგრამ უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად ნებისმიერ ვითარებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები