რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: კრემლის მთავარი მოთხოვნა კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაციაა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CNN-თან ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის მთავარი მოთხოვნა - კიევის სრული კაპიტულაცია, უცვლელია.

"ზელენსკიმ თქვა, რომ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს უყენებს. ახლანდელი "ულტიმატუმები" ბავშვური გახურებაა მომავლის მოთხოვნების წინ და მან ეს მოთხოვნები იცის: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით". - წერს მედვედევი Telegram-ზე. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას ვერ ხედავს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესის განახლებას გამორიცხავს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ვერ ვხედავ მათგან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას. რაც შეეხება წამოყენებულ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ვინ დგას მათ უკან, იქნება ეს პუტინი თუ ვინმე სხვა, ჩემი პრინციპი ასეთია: არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ რუსეთის ოკუპაციის სტრატეგია კანიბალიზმს შეადარა და თქვა, რომ უკრაინა კრემლის წესებით თამაშს არ აპირებს. 

"ისინი კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, შემდეგ მოლაპარაკებებს, ამით დროს იგებენ, რათა გაძლიერდნენ და მოემზადონ საბრძოლველად, ამის შემდეგ ისევ წინ მიიწევენ. ეს კრემლის სტრატეგიაა, თანმიმდევრული, ძალიან ნელი ვახშამი, რასაც რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებდი. მე ეს არ მომწონს, მათი წესებით თამაშს არ ვაპირებ". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები