რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინას აქვს ამბიცია, რომ EU-ს სრულუფლებიანი წევრი მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდეს

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, უკრაინას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდეს. ამის შესახებ შმიგალმა იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე ისაუბრა.

შმიგალის თქმით, უკრაინას აქვს სწრაფვა, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას დადგენილი შვიდივე პირობა წლის ბოლომდე შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესზე გადავიდეს.

"ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. გავაანალიზეთ, როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. ზოგს 5, 7, 8 წელი დასჭირდა. გვაქვს ამბიცია, რომ ეს გზა მაქსიმუმ ორ წელიწადში გავიაროთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი". - თქვა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი ცივილიზაციური არჩევანი და დასავლეთისკენ სვლას გააგრძელებს.

"ამ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ მთავარი დასკვნა ის არის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპაში ჩვენს სტრატეგიულ ვექტორში. რუსეთმა სტრატეგიულად წააგო. ისინი დარჩნენ არქაულ საბჭოთა მოდელში, თავიანთი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რომელთა მიღწევის საშუალებას ცხადია არ მივცემთ". - თქვა შმიგალმა.

კომენტარები