ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატები კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას დაესწრნენ

ივანიშვილის დეპუტატები, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე კაჭრეთში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ. 

ფოტოები ქართული ოცნების ოფიციალურ FACEBOOK-გვერდზე გავრცელდა. აღწერაში აღნიშნულია, რომ  შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მმართველი გუნდის პოლიტიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეფასდა 2022 წლის განვლილი პერიოდი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. "განსაკუთრებით ხაზი გაესვა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას".

დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს, 28 ივლისს მათ ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "დამოუკიდებელ დეპუტატებად" რჩებიან. ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.   

ქართული ოცნებიდან "წასვლის" შემდეგ დეპუტატებმა არაერთი ანტიამერიკული, ანტიდასავლური გზავნილებით განცხადებები გაავრცელეს. მმართველი გუნდის წევრები მათთან კავშირს უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ "შესაძლოა 100%-ითაც მართლები არიან". 

კომენტარები