ისრაელი

აშშ ისრაელს მიყიდის თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის სჭირდებათ

KC-46 Pegasus-ი ავსებს F-16-ს, 2019 წლის 12 დეკემბერი
USAF Tech. Sgt. John

თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია ბოინგმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან გააფორმა კონტრაქტი ისრაელისთვის 4 ერთეული KC-46-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე.

თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ძალების ტრანსპორტირებისთვის, ისე მოიერიშე და სხვა ტიპის თვითმფრინავების საწვავის ავზების შესავსებად.

მიიჩნევა, რომ ეს თვითმფრინავი ისრაელის ირანზე შესაძლო თავდასხმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამიზნეები 2 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ისრაელის ავიაგამანადგურებლებს კი ამ მანძილზე ფრენა და უკან დაბრუნება საწვავის შევსების გარეშე არ შეუძლიათ.

ისრაელი აპირებს, რომ KC-46-ებით განაახლოს საწვავის შემვსები თვითმფრინავების ამჟამინდელი ფლოტილია, რომელშიც შედის KC-130 Hercules-ი და მოდიფიცირებული ბოინგ 707.

კონტრაქტის მიხედვით, ისრაელი ახალ თვითმფრინავებს 2025 წლისთვის მიიღებს. ისრაელს გადაცემის ვადის დაჩქარება სურს, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ბოინგისგან თვითმფრინავების მიღების საკუთარი რიგის დათმობა მოუწევს. ისრაელის ამ წინადადებას ვაშინგტონი ჯერჯერობით უარით შეხვდა.

შეთანხმება ისრაელს $927 მილიონი უჯდება. კონტრაქტის მიხედვით, თანხა დაიქვითება $3.8 მილიარდიდან, რომელსაც ისრაელი აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს, ორ ქვეყანას შორის გაგების 10-წლიანი მემორანდუმის ფარგლებში.

შეთანხმების მიხედვით, ისრაელს მომავალში კიდევ 4 KC-46-ის შეძენა შეეძლება.

თვითმფრინავების შეძენა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

"საწვავის შემვსები თვითმფრინავები, რომელთაც ვყიდულობთ, ახალი F-35-ების ესკადრილიასთან, მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენებთან, წყალქვეშა ნავებთან და თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოემსახურება დიდ გამოწვევებში, რომელთა წინაშეც ეს ესაა დავდგებით, ახლოსა და შორს". – თქვა განცმა.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები