რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია და საფრანგეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

გერმანიამ და საფრანგეთმა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საერთო გაფრთხილება გამოაქვეყნეს. განცხადების მიხედვით, მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის "არაპროდუქტიული" იქნება.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ გონივრულ საშუალებებზე, რომ გამოვიყენოთ ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც არის ვიზების გაცემა.

რუსეთის საზოგადოებაში პროდემოკრატიული ელემენტების მხარდაჭერაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა ასახავდეს ამას და გააგრძელოს ევროკავშირისა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან. ვსაუბრობთ სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული შორსმიმავალი შეზღუდვების წინააღმდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ რუსული ნარატივის გავრცელება". - წერია საერთო მემორანდუმში.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააუქმონ მოსკოვთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, რათა შეზღუდონ გაცემული მოგზაურობის ნებართვის რაოდენობა. 

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ. 

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და პოლონეთმა, შეწყვიტეს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. მას შემდეგ ისინი მოითხოვდნენ ბრიუსელიდან სრული აკრძალვის ამოქმედებას. 

"მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე ისეირნონ. უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუს მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი და ის მიუღებელია", - აღნიშნა FT-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. 

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის დრო.

თუმცა, არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. ასევე განიხილება, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები