რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და შეუძლია EU-ს სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

president.gov.ua

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას ისაუბრა.

"მთელი მსოფლიო აკვირდება თუ რა იქნება ჩვენი პასუხი რუსულ აგრესიაზე. წლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა ღიად გამოაცხადეს ე.წ. სრული მეგობრობა. რამდენიმე კვირაში კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსულუტურად გასაგებია". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლეიენის თქმით, სწორედ ამიტომ ევროკავშირმა უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია – ომის დაწყებიდან დღემდე, 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობით.

"სწორედ ამიტომ მოვახდინეთ ჩვენი ეკონომიკის ისე მობილიზება, როგორც არასდროს. დღეებისა და კვირების ვადაში, ჩვენ მივიღეთ ყველაზე შორსმწვდომი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. ეს სანქციები კრემლის მიერ ომის დაფინანსებას კოლოსალურ პრობლემებს უქმნის. პუტინმა ეს თავადვე აღიარა. ეს ზარალი კი დროსთან ერთად უფრო გაიზრდება. ამის გარდა, უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე გავუწიეთ ფინანსური დახმარება, 10 მილიარდზე მეტი ევროს სახით და ამ თანხაში არ ვთვლი, ჩვენი წევრი ქვეყნების მიერ ორმხრივ მხარდაჭერას. ამჟამად ჩვენ ფინანსური დახმარების მომდევნო ტრანშზე ვმუშაობთ". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ისტორიაში პირველად, სახსრები გამოყო მესამე ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინელების გმირულ ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

"ჩვენ პირველად გამოვიყენეთ რესურსები ევროპული ბიუჯეტიდან უკრაინის სამხედრო ეკიპირებისთვის, რათა მხარი დაგვეჭირა უკრაინის გაბედული და მამაცი თავდაცვის მცდელობისთვის. ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც დაჭირდება. ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ რუსეთს და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირი დაუჯდებათ". - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.

კომენტარები