რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს რუსეთი უკრაინელებისა და ევროპის დასაშინებლად იყენებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინელებისა და ევროპელების დასაჭინებლად სჭირდება. 

ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის ველად გადაქცევა. პრეზიდენტი არანორმალურად მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟისთვის ჯერ კიდევ არ დაწესებულა დამბლოკავი სანქციები.

"კიდევ ერთხელ გადახედეთ ვითარებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. რატომ აკეთებს ამას რუსეთი? რატომ სჭირდება რუსეთს რადიაციული შანტაჟი? იგივე მიზანი, აბსოლუტურად ცინიკური, აბსოლუტურად გათვლილი - უკრაინელების დაშინება, ყველა ევროპელის დაშინება. შანტაჟი და იძულება. ეს არის ზეწოლა, რომ რუსმა სახელმწიფო პროპაგანდისტებმა და ჩინოვნიკებმა თქვან, რომ თითქოსდა არა რუსეთი არის დამნაშავე, არამედ სხვამ შექმნა კიდევ ერთი კრიზისი".- ამბობს ზელენსკი. 

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შედეგად გაითიშა. ამის შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

29 აგვისტოს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები