ევროკავშირი

ევროპული ჯარები შეიძლება აღწერო, როგორც "ბონსაი ჯარები" – ჯოზეფ ბორელის წერილი

Reuters

"ევროპული ჯარები გამოცარიელდა და შეიძლება აღწერო, როგორც "ბონსაი ჯარები" – წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ ბლოგში.

"ისინი [ჯარები] რეალურს ჰგვანან, მაგრამ მინიატურლ ვერსიებამდე შემცირდნენ. მაგალითად, 13 ივლისს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტში გამოსვლისას თავდაცვის მეთაურმა, გენერალმა ბურკარდმა ღიად დასვა კითხვა, საექსპედიციო და ასიმეტრიულ ომებზე ფოკუსირებამ და ბიუჯეტის შემცირებამ კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენა საფრანგეთის ჯარის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი ევროპის მიწაზე". – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რთული და ჭკვიანური არჩევანის გასაკეთებლად, რათა ბლოკის კოლექტიური უსაფრთხოება გაძლიერდეს.

"ჩვენმა ჯარებმა უნდა შეძლონ როგორც ტერიტორიული თავდაცვა, ისე დისტანციაზე ასიმეტრიული ომის წარმოება. ჩვენ ეს NATO-ს ფარგლებში უნდა შევძლოთ და ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ახლა ალიანსის წევრია. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა შეგვეძლოს საკუთარ თავებზე უფრო მეტად დაყრდნობა და სტრატეგიული პასუხისმგებლობის გამოვლენა, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია ჩვენს საზღვრებსა და მის მიღმა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებმა უკეთესი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა ჩადონ და მეტად ითანამშრომლონ თავდაცვის სფეროში". – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელში ვრცელ ბლოგში საუბრობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, უკრაინაში, ავღანეთში, მალიში, სომალიში, ირანში ბოლო წლების განმავლობაში გაჩენილ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათგან გაკვეთილის მიღების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"ყველაფერი ეს მოითხოვს მზადყოფნას, სერიოზულად  ვიფიქროთ ჩვენს წინაშე არსებულ არჩევანზე, შეთანხმებებზე და შესაბამისად გადავწყვიტოთ. რეალური აზრი არის ის, რომ ეს ჩანაფიქრი ერთად განვახორციელოთ, როგორც ევროპელებმა". – წერს ბორელი.

კომენტარები