ირანი-რუსეთი

AP: ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ბირთვული შეთანხმების მიღწევა გართულდა

დასავლეთის დაზრვერვის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ირანისგან ასობით დრონი მიიღო, რომლებიც შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს. მათი თქმით, ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თეირანმა რუსეთს დრონები მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას AP News ავრცელებს.

გაურკვეველია, დაიწყო თუ არა რუსეთმა დრონების უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენება, მაგრამ თვითმფრინავები, როგორც ჩანს, ოპერატიულია და მზად არის გამოსაყენებლად, აღნიშნეს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით.

ამის პარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ირანმა განაახლოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესრულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს დატოვა. განიხილება სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის შეზღუდვა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ თეირანზე სანქციების მოხსნამ შეიძლება რუსეთს საშუალება მისცეს გააძლიეროს საომარი ძალისხმევა უკრაინაში და ირანის გავლით გვერდი აუაროს თებერვლის შემოჭრის შემდეგ დაწესებულ სანქციებს ნავთობსა და სხვა პროდუქტებზე.

იმავეს ამბობენ ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ შეთანხმების დაბრუნება გააძლიერებს ირანის თანამშრომლობას რუსეთთან, მათ შორის, პოტენციურად მისცემს მოსკოვს უფლებას აირიდოს უკრაინასთან დაკავშირებული სანქციები ირანის გავლით ენერგიის ექსპორტით. AP News-თან აღნიშნეს დიპლომატებმა ანონიმურობის პირობით.

დრონების შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში თეთრმა სახლმაც გაავრცელა: მათი თქმით, რუსი ოფიციალური პირები სულ მცირე ორჯერ მაინც ეწვივნენ ირანს, რათა ენახათ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უკრაინაში ომში გამოყენება სურდათ.

ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თეირანი მოსკოვისთვის ასობით დრონის მიწოდებას გეგმავდა. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის.

კომენტარები