რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კარგი ომი და ცუდი მშვიდობა: როდის დასრულდება ომი უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კარგი ომი და ცუდი მშვიდობა: როდის დასრულდება ომი უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე 6 თვეა, მიმდინარეობს. რუსეთის მოლოდინი, რომ სწრაფ პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებას მიაღწევდა, არ გამართლდა. უკრაინის ხელისუფლება კვლავ კიევშია და ქვეყანა გამალებით იბრძვის საკუთარი ტერიტორიების დასაცავად. ომი გრძელდება და მოკლე ვადაში მის დასრულებას არ უნდა ველოდოთ. 

რუსეთს სავარაუდოდ იმედი აქვს, რომ დრო მის მხარეს არის და ადრე თუ გვიან დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით მოიქანცება. რუსეთის რიტორიკა და ქმედებები მიანიშნებს, რომ მას უკრაინაში ლიმიტირებული მიზნები არ აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის გაკონტროლებას შეძლებს. უკრაინას ესმის, რომ დასავლეთის რესურსები და ენთუზიაზმი სასრულია და მხარდაჭერის განსამტკიცებლად სამხედრო წარმატების ჩვენება სჭირდება. ეს ადვილი მისია არ არის, რადგან შეტევაზე გადასვლა დროს და მომზადებას მოითხოვს. როგორც მოქმედებას, ისე მოცდას თავისი სტრატეგიული რისკები ახლავს.

კიევში დაბომბვისგან დაზიანებული სახლი
Fadel Senna/AFP

რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევროპას წინ ზამთარი ელის. ომის ფასის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ევროპაში რუსეთთან მოლაპარაკებების სურვილი შესაძლოა გაიზარდოს. საფრთხე, რაც უკრაინამ უნდა აირიდოს, არასასურველი სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელიც რუსეთს მიტაცებულ მიწებს დე-ფაქტო დაუკანონებს, ხოლო უკრაინას უკიდურესად დასუსტებულს დატოვებს. 

ომის ხანგრძლივობა

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ფრედ კაგანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფ დასასრულს არ ელის. "მე ვთვლი, რომ სწორება ძალიან არასასიამოვნო რეალობაზე უნდა გვქონდეს. ეს ომი, რომელიც 2014 წელს დაიწყო და არ შეჩერებულა, არ დასრულდება, სანამ უკრაინა ან უპირობოდ არ დანებდება რუსეთს ან პუტინი არ დატოვებს პოსტს და იმგვარი ლიდერით არ ჩანაცვლდება, რომელიც მის მანიას არ იზიარებს. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, რუსეთი არ შეწყვეტს ძალისხმევას [...], რომ მთელი უკრაინა დაიმორჩილოს. ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ. უკრაინა დანებებას არ აპირებს. აი, ამდენ ხანს გაგრძელდება ომი," - ამბობს ის.

კაგანის მტკიცებითვე, ომის ინტენსივობის დაკლება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომის დასრულებას აპირებს. მისი აზრით, თუ რუსეთი ომში პაუზას აიღებს, იმავე რეალობას მივიღებთ, რაც დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ გვქონდა. ამ პერიოდში რუსეთს უკრაინასთან დაპირისპირება არ შეუწყვეტია და მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებებს. კაგანი უკრაინაში იმ დროს გავრცელებულ შავ ხუმრობასაც იხსენებს, რომელიც ამ ფიქციურ მშვიდობას აშარჟებდა: "რას ვუწოდებთ ვითარებას, როდესაც ორი მხარის ტანკები, თვითმფრინავები, არტილერია, სარაკეტო სისტემები და ნაღმმტყორცნები ერთმანეთს ესვრიან? უკრაინაში ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ."

კაგანის აზრით, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ან რუსეთი არ აიღებს ხელს უკრაინის დამორჩილების მცდელობაზე, ან უკრაინას არ ექნება იმგვარი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც რუსეთს საკუთარი ტერიტორიიდან განდევნის და ცხადად დაანახებს მას, რომ განმეორებითი შემოჭრა რუსეთის სწრაფ მარცხს გამოიწვევს. "თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ სხვა დასასრული არსებობს," - ასკვნის კაგანი.

რუსი სამხედროები პატრულირებენ მარადიული ცეცხლის მონუმენტთან ხერსონში
Olga Maltseva/AFP

რას ფიქრობს კრემლი? კარნეგის ცენტრის მკვლევარი ტატიანა სტანოვაია ამბობს, რომ კრემლი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინასთან ომს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიგებს. პუტინს სჯერა, რომ დრო მის მხარესაა და დასავლეთი ადრე თუ გვიან მის ტერიტორიულ დაპყრობებს შეეგუება. სტანოვაიას აზრით, რუსეთი ხედავს, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას ლიმიტები აქვს და მისი ბირთვული არსენალი მნიშვნელოვანი შემაკავებელია. 

ავტორის შეხედულებით, კრემლს ჰგონია, რომ უკრაინა რამდენიმე წელიწადში თავად დაიქანცება ომით და დემორალიზდება. ამის ფონზე, რუსეთის მხარდამჭერი ოპოზიცია ზელენსკის ადმინისტრაციას საკუთარი ძალებით დაამხობს. სტანოვაია აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი, ეს ვარაუდები რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კრემლს სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს. 

ცნობილი ჟურნალისტი და ისტორიკოსი ენ აპელბაუმი ამავე აზრზეა. მისი თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინის ჯარი და ეკონომიკა გამოფიტოს, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ომით გადაღლის ფონზე შეასუსტოს. 

რუსეთთან დაყვავების პოლიტიკის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ რუსეთს მთელი უკრაინის დამორჩილება არ სურს. თუ რუსეთს ვიწრო გეოპოლიტიკური მიზნები აქვს, ის ადრე თუ გვიან დაზავებისთვისაც მზად იქნება. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციების დაკავებას ცდილობს. ამ ხედვით, კრემლი დასავლეთის და უკრაინის კომპრომისის შემთხვევაში თავადაც დათმობს. ასევე, თუ რუსეთს ესმის, რომ უკრაინულენოვანი მოსახლეობის დამორჩილება გაუჭირდება, ის მხოლოდ იმ მიწების შეკრებაზე იქნება ფოკუსირებული, რომლებიც ლოიალურ რუსულენოვან მოსახლეობას მოიცავს. 

ეს შეხედულებები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ვარაუდი, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით გარკვეულ ტერიტორიას დასჯერდება, არ არის დამაჯერებელი. მაგალითად, თუ შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდა, რატომ არ ეცდება რუსეთი ოდესის დაკავებას თუ დაინახავს, რომ დასავლეთი მისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს? რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემა იმ იმედით, რომ დანარჩენი უკრაინა მაინც გააღწევს სამშვიდობოს, მცდარი ვარაუდია. 

რატომ უნდა გვქონდეს იმისი მოლოდინი, რომ დანაწევრებული უკრაინა უკეთ დაიცავს თავს და უფრო ადვილად არ ჩაუვარდება რუსეთს ხელში? ამასთან, რუსეთის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, რატომ შეეგუება კრემლი მისი კონტროლირებადი ტერიტორიის მომიჯნავედ დამოუკიდებელი და რუსეთის წინააღმდეგ დარაზმული უკრაინის არსებობას? მარცხის განცდის გარეშე გაუგებარია, რატომ შეასრულებს რუსეთი იმგვარ სამშვიდობო გეგმას, რომელიც დანარჩენი უკრაინის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას უზღუდავს.

ქვიშის ტომრებით დაფარული ჰერცოგ ემანუელ რიშელიეს ქანდაკება ოდესაში
Nacho Doce/Reuters

ამ ფონზე, დასავლეთში პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების ნაწილი ისე შფოთავს რუსეთისთვის უკან დასახევი გზის დატოვებაზე, რომ ხშირად იმისი გადამოწმება ავიწყდებათ, რამდენად ეძებს კრემლი დღეს გამოსავალს. ანალიტიკოსები აქტიურად განიხილავენ თუ რა დათმობების ფასად შეიძლება უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. დაზავების მომხრეები თვლიან, რომ სამშვიდობო პირობები არცერთი მხარისთვის ბოლომდე მისაღები არ იქნება, მაგრამ ომის დასრულების შესაძლებლობას გააჩენს. შეთანხმების პირობებს შორის სახელდება უკრაინაში შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად დასავლეთის მიერ უფრო მკაფიო უსაფრთხოების გარანტიების გაცემა, უკრაინის მიერ ნატოში წევრობაზე უარის თქმა, ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობაც კი.

რუსეთისთვის გამოსავლის მოძებნის თაობაზე აზრი ორად იყოფა. დასავლური გამოცემების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია. ავტორები ხშირად ციტირებენ ჩინელ სამხედრო სტრატეგოსს სუნ ძის, რომელიც გვირჩევსოპონენტს უკან დასახევად "ოქროს ხიდი ავუგოთ". ზოგი ანალიტიკოსი შიშობს, რომ მოწინააღმდეგე, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი, ყველაფერზე წამსვლელია. "ომების კონტროლიდან გამოსვლის პრევენციისთვის უკან დასახევი გზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ტირანიული რეჟიმებისთვის სახის შენარჩუნებას სიცოცხლეების გადარჩენა შეუძლია, როგორც მოსკოვთან 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის და პეკინთან 2001 წლის ჰაინანის კრიზისის დროს ვიხილეთ," - წერს ჟურნალისტი სტივენ კოლინსონი.

უკრაინელი ჯარისკაცი ტანკების პირისპირ სამხედრო ბაზაზე
SERGEY BOBOK/AFP

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დაყვავების პოლიტიკით რუსეთთან თანამშრომლობის იმედი ცრუ ოპტიმიზმია. მიუხედავად ამისა, ომის მეექვსე თვის თავზე ამ პოლიტიკას ბევრი მიმდევარი ჰყავს. უხერხულობა მაშინ იქმნება, როდესაც რუსეთისთვის მისაღები მშვიდობის და აღსრულების მექანიზმების განხილვაზე მიდგება ჯერი.

ატლანტიკის სტატიაში “ომი არ დასრულდება, სანამ პუტინი არ წააგებს”, ენ აპელბაუმი განმარტავსრატომ არის უკრაინაში პუტინისთვის მისაღები მშვიდობის ძიება დიდი შეცდომა. აპელბაუმი ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება ცხადად აჩვენებს თუ რატომ არ უნდა ვენდოთ კრემლთან დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებებს. მისი ხედვით, მორიგი გაყინული კონფლიქტი თუ სახის შესანარჩუნებელი შეთანხმება რუსეთის ახალ აგრესიას არ აღკვეთს. რეალობას მხოლოდ რუსეთის ტოტალური მარცხი შეცვლის. 

კარგი ომი და ცუდი მშვიდობა

"არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა" - უთქვამს ბენჯამენ ფრანკლინს. 

2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, დასავლეთმა ამ ციტატის სულისკვეთებით იხელმძღვანელა. რუსეთმა ხელმოწერიდან ორ კვირაში დაარღვია 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ჯარები ომამდე არსებულ დისლოკაციის ადგილას უნდა დაებრუნებინა. ამის ნაცვლად, კრემლმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ოკუპირებული რეგიონების მასობრივი მილიტარიზაცია დაიწყო.

ბენჯამენ ფრანკლინი, ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა 1706 - 1790

ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს დასავლურ იარაღზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა და სამხედრო თანამშრომლობაზე უარს ეუბნებოდნენ. რუსეთმა დასავლეთის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით გააგრძელა საქართველოს რეგიონების მიტაცების პროცესი, მაგრამ საპირწონე პასუხი ვერ მიიღო. მეტიც, ამერიკამ რუსეთს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა და 2009 წელს გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა. მაშინ გათვლა იმაზე გაკეთდა, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი ძალის და რესურსების მქონე ქვეყანაა და მისთვის სრულად ზურგის შექცევა ამერიკის ინტერესებსაც და მშვიდობასაც ავნებს. 

რა მივიღეთ შედეგად? რუსეთი დარწმუნდა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ თუ წნეხს გარკვეული პერიოდი გაუძლებს, დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობასაც აღადგენს და წართმეულსაც მიითვისებს. ასე მივედით 2014 წლის ყირიმის ანექსიამდე და რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრამდე. 

ახალი პრობლემის მოსაგვარებლად დასავლეთმა ისევ იმ პრინციპით იხელმძღვანელა, რომ “არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა”. შედეგად, საფრანგეთისა და გერმანიის შუამდგომლობით მინსკის შეთანხმებები გაფორმდა. რა გასაკვირია, რომ რუსეთს საქართველოში მიღებული გამოცდილებით, ამ მოლაპარაკებებშიც დასავლეთის სისუსტის იმედი ჰქონდა. მართლაც, მინსკის შეთანხმებები ისეთივე წარმატებით დაირღვა როგორც იქამდე 2008 წლის 6- პუნქტიანი შეთანხმება. ასე მივედით 2022 წლის 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე უკვე სრულმასშტაბიანი შეტევა მიიტანა.

კრემლი სავარაუდოდ ფიქრობს, რომ საკმარისი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ უკრაინასთან დაპირისპირებაში დასავლეთი მოქანცოს. უკრაინის ომმა ევროპისთვის მასშტაბური უსაფრთხოების კრიზისი წარმოშვა. რუსეთი ამჟამად ევროპის წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. მათ შორის არის გაზის მიწოდების შეზღუდვა და უკრაინის ხორბლის ექსპორტით მანიპულირება. რუსეთმა ასევე იცის, რომ მის ბირთვულ არსენალს დასავლეთი შიშის თვალით უყურებს. კრემლის ინტერესშია, მსოფლიოს ეგონოს, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხი შესაძლოა სამყაროს დასასრულს უდრიდეს.

ქართველი რეზერვისტები გორში, 2008 წლის 9 აგვისტო
 Gleb Garanich/REUTERS

დღეს თითქოს აღარ უნდა იყოს საჭირო იმის მტკიცება, რომ რუსეთს პოლიტიკური მიზნების ომით მიღწევა სურს და ამ დროს დათმობებზე წასვლა კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შექმნის. ამის საპირისპიროდ, პუტინი ხედავს, რომ უკრაინის შეიარაღების საკითხზე დასავლეთი ჯერ კიდევ მერყეობს. იმისთვის, რომ რუსეთს უკან დაახევინოს, უკრაინას მაღალი სიზუსტის შორი რადიუსის იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. უკრაინისთვის მხოლოდ შეიარაღების ნაწილის გადაცემა ომს ახანგრძლივებს. 
 

დროის გამოცდა

ავტორი ტატიანა სტანოვაია წერს, რომ პუტინს ორი სახის დასავლეთის არსებობის სწამს: ცუდის და კარგის. "ცუდი დასავლეთი" ტრადიციული საგარეო პოლიტიკური ელიტებით არის დაკომპლექტებული და რუსეთს ექიშპება. "კარგი დასავლეთი" იმ ევროპელებისა და ამერიკელებისგან შედგება, რომელთაც პუტინის აზრით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა და ბიზნეს პარტნიორობის გაღრმავება სურთ. პუტინი თვლის, რომ ცუდი დასავლეთი უკუსვლის გზაზეა და გრძელვადიან პერსპექტივაში მას კარგი დასავლეთი ჩაანაცვლებს. ამ უკანასკნელს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ენდომება. სტანოვაია ამბობს, რომ პუტინის მოლოდინით კარგ დასავლეთთან რუსეთი იმ მოთხოვნების სრული სპექტრის განხილვას შეძლებს, რომლის მიხედვითაც ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა 1997 წლის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და ახალი ქვეყნების მიღება რუსეთის თანხმობის გარეშე აღარ მოხდეს. პუტინის გათვლით დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. 

ცუდი სცენარით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი შეძლებს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. ამ ტერიტორიებზე ნებისმიერ შემდგომ შეტევას კრემლი რუსეთზე თავდასხმად გააფორმებს და ბირთვული ესკალაციის მუქარით ეცდება უკრაინას ხელი ააღებინოს მათი დაბრუნების მცდელობაზე. 

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, უკრაინამ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაგეგმილ რეფერენდუმებამდე უნდა შეძლოს კონტრშეტევაზე გადასვლა. მთავარი ფოკუსი მედიაში ხერსონის განთავისუფლებაზე კეთდება. რუსეთი ანექსიის პროცესს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყებს. პასუხად რა სამხედრო სტრატეგიას აირჩევს უკრაინა, ჯერ ცხადი არ არის. ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მზად სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის. წარუმატებელი სამხედრო კამპანია უკრაინის პოზიციებს უაღრესად დააზიანებს.

დადებითი სცენარით, უკრაინა სწრაფად მიიღებს იმ შეიარაღებას, რომლითაც ომის დინამიკის შეცვლას შეძლებს. ამ შემთხვევაში, უკრაინა დამაჯერებელ უპირატესობას მოიპოვებს ბრძოლის ველზე და ჯერ 24 თებერვლამდე დაკავებულ ტერიტორიას დაიბრუნებს, ხოლო ეტაპობრივად ქვეყნის სრულ დეოკუპაციას მოახდენს. ამისთვის უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება შორი მანძილის სარაკეტო სისტემები, საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის დამატებითი რაოდენობა, საარტილერიო პლატფორმების სათადარიგო ნაწილები, ამუნიცია, მოკლე და საშუალო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემები. დღეს დასავლეთი ესკალაციის შიშით ამ შეიარაღების გადაცემაზე თავს იკავებს.

შუალედური სცენარით, რუსეთმა შესაძლოა მეტი ტერიტორიის დაკავების იმედით ოკუპირებული რეგიონების ანექსია გააჭიანუროს. ეს უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, ასიმეტრიული მეთოდები გამოყენებით დაუპირისპირდეს რუსეთის პოზიციებს. პირდაპირი შეტევის ნაცვლად უკრაინა რუსეთის მომარაგების გზებს ამოიღებს მიზანში და ოკუპირებულ რეგიონებში წარმატებულ დივერსიულ ოპერაციებს განაგრძობს. ეს პერიოდი ქვეყანამ საერთო საჯარისო ბრძოლისთვის მოსამზადებლადაც უნდა გამოიყენოს. ამ დროს რუსეთი დანაკარგების შესავსებად აგრესიული რეკრუტირების პროცესს განაგრძობს.

9 აგვისტოს ყირიმში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქება

ომის ჩიხში შესვლის შემთხვევაში უკრაინისთვის ყველაზე საშიში სცენარი დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის ეტაპობრივი შესუსტებაა. ამ ვითარებით რუსეთი ისარგებლებს. ის ეცდება, უკრაინული სახელმწიფო სამხედრო და ეკონომიკური წნეხის ფონზე ნელ-ნელა ჩამოშალოს.

დღეს უმნიშვნელოვანესია, დასავლეთის ერთიანობამ დროის გამოცდას გაუძლოს. საქართველო-რუსეთის ომი და უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მშვიდობა არ მოაქვს, თუ ამ შეთანხმებას საპირწონე ძალა არ უმაგრებს ზურგს. უკრაინაში ომი ახლო მომავალში არ დასრულდება, რადგან საჭირო შეიარაღების გარეშე ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლს სრულად ვერ აღადგენს, ხოლო რუსეთს ომის გრძელვადიან პერსპექტივაში მოგების იმედი ექნება. 

ამ ეტაპზე უკრაინისთვის შეთავაზებული ნებისმიერი ზავი, მხოლოდ ომს შორის შესვენება და არა მისი დასრულების წინაპირობა იქნება. ომის ინტენსივობის დაკლება მის დასრულებად არ უნდა მივიღოთ. რუსეთი მსგავს პაუზას ისევ ძალის მოსაკრებად გამოიყენებს. რუსული მშვიდობის ფასი უკრაინამ და საქართველომ კარგად ვიცით. ახლა აუცილებელია, დასავლეთმაც სრულად გაიაზროს, რა რესურსები და ენერგია დასჭირდება კრემლის მიერ სამეზობლოს წინააღმდეგ წამოწყებულ აგრესიასთან გამკლავებას.


წყარო: კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი. თანხა მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას 24 იანვარი - 10 მაისის პერიოდში და 2022 წლის 19 მაისს კონგრესის მიერ მიღებულ დახმარების პაკეტს. მშპ-ს 0.05%-ზე ნაკლები კონტრიბუციის მქონე ქვეყნები არ არიან ნაჩვენები.მონაცემები არ მოიცავს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს დახმარებას. 

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყანას დაახლოებით $ 4.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია. 24 თებერვლიდან კონგრესმა უკრაინისთვის ჯამში $54 მილიარდი დოლარის დახმარება დაამტკიცა. როგორც ნიუ იორკ თაიმსი წერს, ამ მასშტაბის დახმარება ამერიკას ერთი დეკადაა, არავისთვის გაუწევია. შეპირებულ თანხაში როგორც სამხედრო, ისე განვითარებაზე ორიენტირებული მხარდაჭერა შედის.

თანხის მოცულობით ამერიკის მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეპირებულ ჯამურ მაჩვენებელზე მეტია. მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, ამერიკას  მხოლოდ ესტონეთი, ლატვია და პოლონეთი უსწრებს.


წყარო: კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი. თანხა მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას 24 იანვარი - 10 მაისის პერიოდში და 19 მაისს კონგრესის მიერ მიღებულ დახმარების პაკეტს. ევროკავშირის დახმარება მოიცავს ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებას. სხვა ქვეყნებში შედიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია და შვეიცარია.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკა თითქმის ორჯერ შემცირდება. საომარი მდგომარეობის გამო, ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაბრუნება სწრაფად არ მოხდება. ზავის პირობებშიც რუსეთს შეუძლია, უკრაინა მუდმივი საფრთხის ქვეშ ამყოფოს პორტების ბლოკირებით და დიდ ქალაქებზე სარაკეტო შეტევით.

უკრაინის გათვლით, ქვეყნის რეკონსტრუქციას $ 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ეს უკრაინის გასული წლის მთლიან შიდა პროდუქტს 3.5-ჯერ აღემატება. საქართველოს მაგალითი რომ გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის მიერ გამოყოფილი მილიარდობით აშშ დოლარის დახმარება ქვეყნის ეკონომიკას წლების განმავლობაში ასაზრდოებდა. უკრაინის წარმატება როგორც სწორ შეიარაღებაზე, ისე უწყვეტ ფინანსურ ნაკადებზე იქნება დამოკიდებული. 

კრემლს იმედი აქვს, რომ ენერგოკრიზისით, ნავთობის მაღალი ფასებით, უკრაინის მხარდაჭერის ხარჯით, ჰუმანიტარული კრიზისით და სხვა გეოპოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით დასავლეთი დაიღლება და უკრაინას ისევ ცუდ მშვიდობას შესთავაზებს. ახლახან რუსეთმა გერმანიას გაზის მიწოდება დრამატულად შეუმცირა. გერმანია რადიკალურ ზომებს მიმართავს, რათა ზამთარში გაზის გარეშე არ დარჩეს. ამ წნეხს გრძელვადიანი გამძლეობა და ალტერნატივების შექმნა სჭირდება. სავარაუდოდ პუტინს დემოკრატიებში საარჩევნო ციკლით გამოწვეული ცვლილებების და დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის მის სასიკეთოდ შემობრუნების იმედი აქვს. 

გაზაფხულზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, პუტინისთვის სახის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. მას სავარაუდოდ დღესაც არ შეუცვლია აზრი. ემანუელ მაკრონის გარდა, მოლაპარაკებების და დიპლომატიური მოგვარების გზების ძიების საჭიროება იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმაც მრავალჯერ ახსენეს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მაკრონი ეცადა ის პუტინისთვის დათმობების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ასევე, მაისში იტალიამ ნაკლებად ცნობილი 4-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, უკრაინას ნეიტრალიტეტი უნდა მიეღო და ყირიმის და დონბასის სტატუსზე რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში პრესკონფერენციაზე. 16 ივნისი, 2022
Valentyn Ogirenko/REUTERS

თუ უკრაინა რამდენიმე თვეში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს პოზიცია შესაძლოა გაძლიერდეს. როგორც საზღვაო ანალიზის ცენტრის მკვლევარი მაიკლ კოფმანი ამბობს, უკრაინაში სავარაუდოდ შიშობდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა სასრულია და თუ უკრაინა ვერ შეძლებს ომის დინამიკის შეცვლას ზამთრამდე, ან ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერა შემცირდება ან უკრაინას არასასურველი ზავის გაფორმებისკენ უბიძგებენ.    

უკრაინისთვის საზიანო პოლიტიკის თავს მოხვევის პრეცედენტები წარსულშიც გვქონია. საფრანგეთი და გერმანია უკრაინას მინსკის შეთანხმებების რუსეთის მოთხოვნების მიხედვით შესრულებას დაჟინებით სთხოვდნენ. უკრაინას დონბასის განსაკუთრებული სტატუსი უნდა ეღიარებინა და რეგიონისთვის ფართო ავტონომია მიენიჭებინა. ეს ფაქტობრივად რუსეთის მიერ უკრაინის საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე ვეტოს უფლებას უდრიდა.

მნიშვნელოვანია, რა განწყობა იქნება ევროპის იმ დედაქალაქებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის მიმართ რბილი პოლიტიკით გამოირჩევიან მას შემდეგ, რაც ცხადი გახდება, რომ ომი მომდევნო თვეებში არ დასრულდება. 

დასავლეთს რუსეთთან დაპირისპირების მოგებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის ბირთვული არსენალის შიში ბევრ დასავლურ დედაქალაქში ახდენს გავლენას პოლიტიკის ფორმირებაზე. რუსეთის მაპროვოცირებლად შერაცხული იარაღის უკრაინისთვის გადაცემის ნელი ტემპიც ნაწილობრივ ამ შიშით აიხსნება. 

რუსეთის ბირთვული სტრატეგია და დოქტრინა აჩვენებს, რომ ქვეყანა შეზღუდულ ბირთვულ ესკალაციაზე წასვლას არ გამორიცხავს. "ესკალაცია დეესკალაციის მიზნით" - დასავლეთში რუსული სტრატეგია ამ სახელით არის ცნობილი. ამის მიხედვით, თუ რუსეთის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები შეილახება, ის საპასუხოდ ტაქტიკურ ატომურ იარაღს გამოიყენებს. ამით რუსეთი აჩვენებს, რომ სრულმასშტაბიან ბირთვულ ომზე წამსვლელია და ასე ეცდება დასავლეთი დათმობაზე წამოიყვანოს.

საპასუხოდ, დასავლეთს ორი არჩევანი აქვს: ან რუსეთის მოთხოვნებს უნდა დამორჩილდეს ან საკუთარი პოზიციები მტკიცედ დაიცვას. ცივი ომის ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ რუსეთი რაციონალურად აფასებს ბირთვული ესკალაციის რისკს და დასავლეთის ერთიანობა მის გათვლაზე დიდ გავლენას ახდენს. ზუსტად არავინ იცის, აპირებს თუ არა პუტინი უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ ზოგს დღეს წინსწრებით კაპიტულაცია სურს, რათა მსგავსი კრიზისის ალბათობაც კი გამოირიცხოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტის სატესტო გასროლაა

ავტორი მარია სნეგოვაია აღწერსრამდენჯერ დაუხევია ვლადიმირ პუტინს უკან, როდესაც დაუნახავს, რომ დასავლეთს მტკიცე პოზიცია აქვს. სულ ბოლო მაგალითი რომ ავიღოთ, თუ ნატოს გაფართოება რუსეთს აქამდე დრამატულ ესკალაციად მიაჩნდა, ახლა აღმოჩნდა, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება პუტინისთვის უსაფრთხოების პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, დასავლეთში დღემდე ცდილობენ, გამოიცნონ, ზუსტად სად გადის ვლადიმირ პუტინის წითელი ხაზი და მისი დაცვით დაუჭირონ მხარი უკრაინას. 

როგორც ავტორი სტივენ ბლენკი წერს, პუტინისთვის სახის შენარჩუნების სურვილით უკრაინის სასიცოცხლო ინტერესების გაწირვაზე მტკიცე უარი უნდა ვთქვათ. მისი აზრით, დაშოშმინების მომხრეებს არასწორად სჯერათ, რომ დასავლეთს რუსეთის შეკავება არ შეუძლია. ბირთვული იარაღი, რომლითაც რუსეთი იმუქრება, დასავლეთსაც აქვს. ბლენკის აზრით, ბირთვული საფრთხეები სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მაგრამ ბირთვული შანტაჟის შედეგად უკან არ უნდა დავიხიოთ. მუქარის საპასუხოდ დანებება მხოლოდ განამტკიცებს კრემლის რწმენას, რომ დასავლეთი საკუთარ ინტერესებს და ღირებულებებს არ იცავს. ეს რუსეთის აგრესიას კიდევ უფრო წაახალისებს.

ბოლოთქმის მაგიერ

ავსტრალიელმა ისტორიკოსმა ჯოფრი ბლეინიმ წიგნში "ომის გამომწვევი მიზეზები" საერთაშორისო ომების ისტორია შეისწავლა. 1700 წლის შემდეგ მომხდარ ომებზე დაკვირვებით, ბლეინი იმ დასკვნამდე მივიდა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის ინტუიციურადაც ცხადია. მისი თქმით, როდესაც ორ მხარეს სხვადასხვანაირად ესმის ძალთა თანაფარდობა, ომს უნდა ველოდოთ. მშვიდობის მთავარი განმაპირობებელი დიდი ძალის ქონაა. "მშვიდობა დგება, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთნაირად აფასებენ ძალთა თანაფარდობას" - ამბობს ბლეინი. ის ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატიის ხარჯზე სახელმწიფოებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ იმაზე ბევრად ნაკლები დათმონ, ვიდრე საკითხის ომით გადაწყვეტის შემთხვევაში მოუწევდათ. ამ დროს სახელმწიფოები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ მეორე მხარეს არ სურს ომი ან თავი იმაზე ძლიერი ჰგონიათ, ვიდრე რეალურად არიან. იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, მებრძოლ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი ცხადად უნდა გამოიკვეთოს. 

აუცილებელია, თავისუფალმა სამყარომ არ დაკარგოს მოტივაცია, ხანგრძლივად დარჩეს უკრაინის გვერდით. ომის სკეპტიკოსებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რუსეთის მიერ შეთავაზებულ მორიგ ცრუ მშვიდობას დასთანხმდნენ. უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, რის გამოც დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტების შემთხვევაშიც ომის წარმოების ნებას ადვილად არ დაკარგავს. მოსახლეობის 89 პროცენტი არ არის თანახმატერიტორია ცეცხლის შეწყვეტაზე გაცვალოს. რაც მალე აირჩევს დასავლეთი უკრაინის სრულმასშტაბიანი მხარდაჭერის სტრატეგიას, მით მალე გადაიხრება ძალთა ბალანსი უკრაინის მხარეს. ძალთა ბალანსის სიცხადე დაასრულებს ომს.

კომენტარები