რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთიდან იმპორტის შემცირების ფონზე, EU ბუნებრივი აირის ნიგერიიდან მიღების ზრდას განიხილავს

ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი, რუსული გაზის მიღების შემცირების ფონზე, ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდისთვის ემზადება.

ბოლდუინს ნიგერიაში ვიზიტისას უთხრეს, რომ ქვეყანა აუმჯობესებს უსაფრთხოების საკითხებს მდინარე ნიგერის დელტაში და აგვისტოს შემდეგ Trans Niger-ის მილსადენის გახსნას გეგმავს, რაც ევროპაში გაზის ექსპორტს გაზრდის. 

ევროკავშირი მთლიანი მომარაგების 14%-ს ნიგერიიდან იღებს. ბოლდუინის თქმით, არსებობს ამ მაჩვენებლის გაორმაგების პოტენციალი.

ნიგერიაში ნავთობისა და გაზის მოპოვება მილსადენების ქურდობისა და ვანდალიზმის გამო მცირდება, ამიტომ გაზის მწარმოებელი Nigeria LNG მხოლოდ 60%-იანი სიმძლავრით მუშაობს.

გასულ წელს ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, მაგრამ წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა. მაგალითისთვის, 2018 წელს ნიგერიიდან მიღებული ბუნებრივი აირი 36 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. 

ევროკომისიის ახალი პროგრამა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე ბუნებრივი აირის მოთხოვნის 15%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ დრო, აჩვენონ, როგორ შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას.

ევროკომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭირო შემცირების მიღწევაში ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის შესაბამისი ზომები იქნება შემუშავებული, მათ შორის, ბუნებრივი აირის სხვა საწვავით ჩანაცვლება და ენერგიის ზოგად დაზოგვას ყველა სექტორში.

კომენტარები