საქართველო-ევროკავშირი

სამხარაძე: ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, არც კელი დეგნანს, არც არავის

საქართველოს პარლამენტი

"ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს - ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ თქვა. მისი მტკიცებით, არც მას და არც მის თანაგუნდელებს არ უთქვამთ, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევს ცდილობს.

"სად მოგისმენიათ ჩვენი რომელიმე განცხადება ასეთი ფორმულირებით? "გარკვეული ძალები" სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა ქართული ოცნების დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ "ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას". მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერცერთ ასეთ განცხადებას. აქედან სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი ზუსტად იგივე, რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ, მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება" - ამბობს სამხარაძე ინტერპრესნიუსის ცნობით.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მმართველი ძალის წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინის ხელისუფლების წევრები და "გარკვეული ძალები" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დეკემბრამდე ომის დაწყების შემთხვევაში, "რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი". პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ომის გამო მიიღო და "თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არაა დღეს საქართველოში". პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ "მეორე ფრონტის გახსნა თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას მიჰყვება როგორც ნაცმოძრაობა, ისე ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი [308 ევროპარლამენტარი]".

თავად ნიკოლოზ სამხარაძე 11 ივნისს TV იმედის ეთერში ირწმუნებოდა, რომ "ევროპაშიც ყოფილა ასეთი საუბრებიც, რომ, აი, საქართველოს თურმე მორალური უფლება არ ჰქონდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად იმიტომ, რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი".

კომენტარები