გაზის საბადო საქართველოში

საქართველოში 16 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის საბადოა დადასტურებული

flickr.com

საქართველოში 16 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოა დადასტურებული. ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა ტელეკომპანია BMG-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამის სამუშაოებს კომპანია ბლოკ ენერჯი მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს.

"ბლოკ ენერჯი ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია ხმელეთზე. შლუმბერჟეს გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში გაზის 16 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ ვიცოდეთ, აბსტრაქტულად რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად. ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს, ამ ჭაბურღილის ათვისებას უკვე დამტკიცებული გეგმით. სავარაუდოდ, ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. თუმცა, ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს "ბლოკ ენერჯი", რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. "ბლოკ ენერჯის" გაზის მოპოვება 30 მილიონი კუბური მეტრი აქვს, რაც ადვილად წარმოსადგენი რომ იყოს, დაახლოებით თელავის ან საგარეჯოს მთლიანი მოხმარების დაფარვაა. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს ციფრები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება". - თქვა ტატიშვილმა.

კომენტარები