ვლადიმირ პუტინი

პუტინი G7 ლიდერებზე: "საქმიან კაცსაც შვენის, როდესაც არ ავიწყდება მოვლა ფრჩხილების"

ვლადიმირ პუტინი თევზაობისა და ნადირობის შემდეგ ისვენებს, 2017 წლის აგვისტო.
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების ხუმრობებს მის ტანსზევით შიშველ ფოტოებთან დაკავშირებით და ციტატა ალექსანდრე პუშკინის "ევგენი ონეგინიდან" მოიყვანა

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ G7-ის შიშველი ლიდერების ხილვა ამაზრზენი იქნებოდა. 

"არ ვიცი როგორ სურდათ გახდა, წელამდე თუ იქნებ წელს ქვევით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს, ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახავი იქნებოდა. თუმცა, პუშკინი რომ გავიხსენოთ, შეიძლება დეტალებში ვცდებოდე, მგონი, მან თქვა: "საქმიან კაცსაც შვენის, როდესაც არ ავიწყდება მოვლა ფრჩხილების". ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები: ადამიანში ჰარმონიულად უნდა იყოს განვითარებული სულიც და სხეულიც. მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიულად იყოს, უარი უნდა თქვა ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე, სხვა ზიანისმომტან ჩვევებზე, უნდა დაკავდე ფიზკულტურით, სპორტით". – თქვა პუტინმა. 

პუტინმა ასევე დაამატა, რომ შვიდეულის ლიდერებთან ამჟამად კარგი ურთიერთობა არ აქვს და ირონიულად აღნიშნა, რომ "თუ მოინდომებენ", საკუთარ თავზე მუშაობის მხრივ, წარმატებას მიაღწევენ.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა გასულ დღეებში გამართულ შეხვედრაზე გაიხსენეს ვლადიმირ პუტინის ფოტოები, რომლებშიც ის ცხენზე ნახევრად შიშველი ზის და ამ საკითხთან დაკავშირებით იხუმრეს

შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ირონიულად იკითხა: "გავიხადოთ ქურთუკები, თუ კიდევ უფრო მეტი რამ? ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ პუტინზე მაგრები ვართ".

ამას გარდა, პუტინი გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვებსაც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქალი რომ ყოფილიყო, ასეთ ომს არ დაიწყებდა. 

"არ ვისაუბრებ იმაზე, "რომ ყოფილიყო", "რა იქნებოდა", უბრალოდ მსურს ამასთან დაკავშირებით გავახსენო მოვლენა ახალი ისტორიიდან, როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო საბრძოლო, საომარი მოქმედებები არგენტინის წინააღმდეგ ფოლკლენდის კუნძულისთვის. აი, ქალმა მიიღო საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება". – თქვა პუტინმა. 

აქამდე, ჯონსონმა გერმანულ ტელევიზიასთან საუბრის დროს პუტინის ომს უკრაინაში "მასკულინობის საუკეთესო მაგალითი" უწოდა.

"პუტინი ქალი რომ ყოფილიყო, რაც, რა თქმა უნდა, არაა, არ მგონია, ასეთი გიჟი "მაჩოს" ომი, თავდასხმა და ძალადობა წამოეწყო. რასაც ის უკრაინაში აკეთებს, ტოქსიკური მასკულინობის შესანიშნავი მაგალითია". – ამბობდა ჯონსონი.

კომენტარები