ქართული ოცნება

საკონსტიტუციომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე განიხილავს - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და გიორგი თევდორაშვილი. 

როგორც გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პლენუმი მიიჩნევს, რომ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მართებულია, არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლებზე სასამართლოს პრაქტიკაში მსჯელობა აქამდე არ ყოფილა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი. 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ "თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა". ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ". - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.  

6 ივნისს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მთავრობის მიერ სარჩელის შეტანამდე პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 14 აპრილს დაამტკიცა. მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს უკვე შეუძლია კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების განცხადებას მოჰყვა, სადაც პარტია დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აანონსებდა. ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს სწორედ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას, ანუ თანხმობის არმიცემას ედავებოდა.

7 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თქვა უარი და საკონსტიტუციო სარჩელი ამ პირებს შეეხება.

ქართული ოცნების განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

ცვლილებებამდე მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება იყო დასაშვები, პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტები არ გამოუცია.

მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები