ისრაელი

ისრაელი: ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ვიზიტს რეგიონზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაფიდის თქმით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს რეგიონზე "მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“.

"ვიზიტს როგორც რეგიონისთვის, ასევე ირანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი შედეგები ექნება". - თქვა მინისტრმა.

ლაპიდმა გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ტელეფონით ისაუბრა. მაღალჩინოსნებმა ბაიდენის ტურნეს დეტალები განიხილეს.

ამასთან ერთად, ისრაელის სამთავრობო კოალიციის დაშლის გამო, სავარაუდოდ, ლაფიდი ისრაელის პრემიერმინისტრის მოვალეობას შეასრულებს და ბაიდენს მთავრობის მეთაურის რანგში უმასპინძლებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, აშშ-ს ჩართულობით, ისრაელმა რეგიონალურ მოკავშირეებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის საჰაერო თავდაცვის პროგრამის გეგმის ამუშავება დაიწყო. 

პროგრამა ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი საფრთხის ფონზე იქმნება.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაფიდის თქმით, მაღალჩინოსნები მომავალ კვირას ქნესეთის ნებაყოფლობითი დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის კანონპროექტს წარადგენენ.

ქნესეთის დაშლის შემდეგ, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იაირ ლაფიდი გახდება. 

სამართლებრივი და სადღესასწაული შეზღუდვების გათვალისწინებით, ვადამდელი არჩევნები, ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ 25 რიცხვში ჩატარდება. 

მას შემდეგ, რაც გაიანა რინავიე ზოაბიმ თანამდებობა დატოვა, ისრაელის მმართველი კოალიცია ქნესეთის უმცირესობაში აღმოჩნდა. დეპუტატის გადადგომის შემდეგ ქნესეთში პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის პარტიას 120 ადგილიდან მხოლოდ 59 დარჩა.

მანამდე, ისრაელის მთავრობა დატოვა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა. სწორედ ამის შედეგად, კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები