ინსა ოგუზი

"მემუქრებოდნენ, რუსულ მხარეს გადაგცემთო" – რუსეთში დევნილ აქტივისტს საქართველოში არ უშვებენ

რუსეთის მოქალაქეს, ჟურნალისტ და ბლოგერ ინსა ოგუზს, რომელის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქართველოში არ უშვებენ - ინფორმაციას ეგორ კუროპტევი, ფონდ თავისუფალი რუსეთის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ავრცელებს.

"მას სერიოზული პრობლემა აქვს, უკვე 5 დღეა, საქართველოს საზღვარზეა, არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი, სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შემოუშვა. ეს ადამიანი რუსი ბლოგერია ნალჩიკიდან და შინაპატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა  და რუსეთის საზღვარი გადმოლახა, ახლა კი 5 დღეა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არ უშვებს. გუშინ ომბუდსმენის ოფისმა სცადა მასთან შეხვედრა, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ეს კატასტროფაა, რუსეთში დაბრუნება რომ სცადოს, მაშნვე საზღვარზე დაიჭერენ და მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში. მიმართა ყველა სამინისტროს, მაგრამ არავინ გამოეხმაურა". - ამბობს ეგორ კურაპტევი ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი] 

ბლოგერი ამბობს, რომ საზღვარზე დაემუქრნენ, რომ რუსულ მხარეს გადასცემენ. 

"უარის პირდაპირ მიზეზს არ მეუბნებია, მე ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ქვეტექსტი. იმედი მაქვს, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსულ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ და არ გადამცემენ რუსულ მხარეს. ამის შიში მაქვს, რადგან მემუქრებოდნენ, რომ რუსულ მხარეს გადამცემდნენ". - ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]     

ეხო კავკაზას ცნობით, რუსეთში ოგუზის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ქმედებების ხელშეწყობას ითვალისწინებს. საქმე უკავშირდება სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე 2014 წლის პირად მიმოწერას, ФСБ-ს მტკიცებით, მან "ტერორისტულ საქმიანობაში ჩართო" მისი მეგობარი, უმარ დუგუჟევი. ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ აქტივისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ის ბოლო პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქტივისტი საქართველოს საზღვარზე 2022 წლის 12 ივნისს შემოვიდა და საზღვრის კვეთაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უთხრეს - "ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით". 

"მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. "სამაჯური" და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. "ლტოლვილთა შესახებ კონვენციის" (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

როგორც ტაბულას სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, ომბუდსმენს ოგუზთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა და აპარატი ბლოგერის საქმეს სწავლობს.  

კომენტარები