ინსა ოგუზი

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, რუსი ჟურნალისტისთვის ღირსეული საარსებო პირობები უზრუნველყონ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საზღვარზე დაკავებული რუსეთში დევნილი ბლოგერისა და ჟურნალისტისთვის, ინსა ოგუზისთვის ღირსეული საარსებო პირობები უზრუნველყოს

"საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს - იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები; მათ შორის, დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება". - წერს ომბუდსმენი. 

უწყების ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენელს უფლება არ მიეცა შეხვედროდა ინსა ოგუზს. სახალხო დამცველის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა, თუმცა იგი ვალდებულია, ინდივიდუალურ შეისწავლოს საქმე და უარის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება წარადგინოს, რასაც, უწყების ინფორმაციით, ამ კონკრეტულ საქმეში ვერ ვხედავთ.

"საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიმღები ქვეყნის ვალდებულება გაძევებისგან დაცვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციების თანახმად, არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება, (refouler) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წამება ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევა". - ვკითხულობ სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ომბუდსმენის თქმით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ევროკავშირის ერთ-ერთმა წევრმა სახელმწიფომ ინსა ოგუზისათვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მიღების თანხმობა განაცხადა. რაც, უწყების ცნობით, შესაძლებლობას აძლევს შსს მესამე ქვეყანაში გააძევოს ჟურნალისტი, რათა თავიდან აარიდოს წამება და არაადამიანური მოპყრობა. 

"აღნიშნული გარემოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაძლებლობას, მოახდინოს ინსა ოგუზის გაძევება მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ პირის მოქალაქეობის ქვეყანაში გაძევების შედეგად, მის მიმართ შესაძლო წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე". - წერს ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჟურნალისტი კვლავ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფება მინიმალური კომფორტის გარეშე. უწყების ცნობით, მას მაღალი ტემპერატურაც აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქტივისტი საქართველოს საზღვარზე 2022 წლის 12 ივნისს შემოვიდა და საზღვრის კვეთაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უთხრეს - "ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით". 

მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. "სამაჯური" და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშაულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. "ლტოლვილთა შესახებ კონვენციის" (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები