რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IEA: მაისში რუსული ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი $20 მილიარდამდე გაიზარდა

KRISZTIAN BOCSI/BLOOMBERG NEWS

რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი მაისში $20 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ძალაში შესვლასთან ერთად, რუსული ნავთობის მიწოდება შემცირდა, ენერგორესურსის გლობალური ფასის ზრდამ შემცირებული ექსპორტი დააკომპენსირა. 

კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და კიდევ უფრო დაუახლოვდა ომამდელ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებულ ნიშნულს, თუმცა, მაისში ექსპორტი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. 

მთლიანი ექსპორტის მოცულობის შემცირება ძირითადად ნავთობპროდუქტების დაბალი ნაკადითაა განპირობებული, თუმცა მაისში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით გაიზარდა და დღეში თითქმის 500 000 ბარელს შეადგენს. რუსული ნავთობის იმპორტიორები ძირითადად აზიის ქვეყნები არიან. 

"ჩინეთმა და ინდოეთმა, რომლებმაც რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაზარდეს, ნეტ ექსპორტიორები არიან (როდესაც, დროში განსაზღვრულად, მათი ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულება იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე მეტია) და მათ რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვა არ სჭირდებათ". - განაცხადა IEA-მ.

გლობალურ ბაზარზე ფასების გაზრდით რუსეთმა სრულად სარგებლის მიღება ვერ შეძლო. Bloomberg-ის მონაცემებით, გასულ თვეში რუბლი დოლართან მიმართებით დაახლოებით 15%-ით გამყარდა, შესაბამისად, რუბლში ასახული ნავთობის ღირებულება შემცირდა. 

შედეგად, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავალი 871 მილიარდ რუბლამდე შემცირდა, რომელიც აპრილის რეკორდულ 1.81 ტრილიონ რუბლს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

კომენტარები