ისრაელი-სირია

სირია ისრაელის გამანადგურებლებს დამასკოზე იერიშის მიტანაში კიდევ ადანაშაულებს

ამ კვირაში სირიამ ისრაელის ავიაგამანდგურებლები დედაქალაქში, დამასკოში იერიშის მიტანაში უკვე მეორედ დაადანაშაულა.

სირიის არმიის წარმომადგენლის თქმით, იერიშების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს, თუმცა დარტყმებს მოჰყვა მშვიობიანი მოქალაქის დაშავება და მატერიალური ზარალი. 

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, იერიშები დილის 4 საათზე მოხდა და ზოგიერთი რაკეტა გოლანის მაღლობებიდან დამასკოს სამხრეთით ისროლეს.

როგორც სირიის სამთავრობო მედია იუწყებოდა, 6 ივნისს ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა იერიში დედაქალაქის სამხრეთ რაიონში მიიტანეს, დაზიანდა რამდენიმე შენობა. სხვადასხვა ცნობებით, თავდასხმის სამიზნე იყო ალ-კისვაჰის უბანი, სადაც ისრაელს იერიშები აქამდეც მიუტანია, რადგან აქ, იერუსალიმის ბრალდებით, განლაგებულია ირანის სამხედრო ბაზები. 

6 ივნისის იერიშის შემდეგ, რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნა, პირველი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მასში მონაწილეობა მიიღო ორმა რუსულმა СУ-35-მა და ექვსმა სირიულმა МиГ-23-მმა და МиГ-29-მ. მათ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან დაპირისპირების სიმულაცია ჩაატარეს.

როგორც ყოველთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო.

კომენტარები