ნიკა გვარამიას საქმე

ომბუდსმენი პრეზიდენტს: გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია, შეიწყალეთ

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ამიტომ, ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს, გამოიყენოს შეწყალების უფლება.

ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი

განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ რუსთავი 2 დააზიანა იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ომბუდსმენის შეფასებით, ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს - ნორმის განჭვრეტადობას.

"სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას" - წერს ომბუდსმენი.

ე. წ. მანქანის ეპიზოდი

საქმე ეხება რუსთავი 2-ის სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

ომბუდსმენის შეფასებით, სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა. სახალხო დამცველის აზრით, ასევე, სრულად დაუსაბუთებელია კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა.

"სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა.

სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა (დაუსაბუთებელი მიზეზით) და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული" - წერს ომბუდსმენი.

ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი

სახალხო დამცველის შეფასებით, ეს განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში ბრალდებული გამართლდა.

"თუმცა, საგულისხმოა, რომ პოლიტიკური მდგენელის მქონე უკვე მეორე საქმეში (პირველი იყო მამუკა ხაზარაძისა და სხვების ბრალდების საქმე) გვხვდება ფულის გათეთრების სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სასამართლოსვე შეფასებით, არის ბუნდოვანი და არ შეიცავს უტყუარ მტკიცებულებებს. მსგავსი სიმძიმის ბრალდება სერიოზული რეპუტაციული ზიანის მქონეა, რის გამოც, პროკურატურას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ევალება" - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

საბოლოო ჯამში, ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი.

"სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. და ბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები